„როცა მოვედით, თავს უკვე არასასურველ ფეხბურთელად გრძნობდა“ | ვალკანისი მიქაუტაძეზე
მაიკლ ვალკანისი ავსტრიელი სპეციალისტია, რომელიც 2023-24 წლების სეზონში, „აიაქსის“ დროებითი თავკაცის, ჯონ ვან ‘ტსხიპის ასისტენტი იყო და გიორგი მიქაუტაძეს კარგად იცნობს. ვალკანისმა ESPN-ს ინტერვიუ მისცა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც, ქართველმა ფეხბურთელმა ამსტერდამულ კლუბში წარმატებას ვერ მიაღწია.
„ვარჯიშებისას ვნახეთ, რა ხარისხი ჰქონდა, მაგრამ როცა გუნდში მოვედით, მიქაუტაძე თავს უკვე არასასურველ ფეხბურთელად გრძნობდა. ვეცადეთ, მისთვის თავდაჯერებულობა აგვემაღლებინა და სათამაშო დრო მივეცით, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მის პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყო.
ბრაიან ბრობიმ მაღალ დონეზე თამაში დაიწყო და ბევრი გოლი გაიტანა. იმავეს აკეთებდა ჩუბა აკპომი, რომელიც მატჩებში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა. ბერგვაინი და ბერგუისი ფლანგებზე კარგად მოქმედებდნენ და მიქაუტაძეს ძალიან უჭირდა.
არ მიკვირს, რომ მეცში და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ითამაშა. ხშირად ხდება მომენტი, როცა ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებს სხვა გარემოში ავლენს. გიორგი კარგი ბიჭია, რომელიც რთული სტარტის შემდეგ, აიაქსში სასურველ დონეზე ვერ დაბრუნდა“.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ახალი კლუბი ცნობილია და იგი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. ფრანგულმა გუნდმა მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.