მიქაუტაძე და მამარდაშვილი | ორი ქართველი Bleacher Report-ის 12-კაციან რეიტინგში
ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, Bleacher Report-მა ევრო 2024 და კოპა ამერიკა შეაჯამა. პორტალის ყურადღების ცენტრში ის ფეხბურთელები მოექცნენ, რომლებმაც ზემოთ ხსენებული ტურნირები საუკეთესოდ ჩაატარეს და მათი საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Bleacher Report-მა 12-მოთამაშიანი სია შემოგვთავაზა და მასში ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. სპორტულმა გამოცემამ საკუთარ რეიტინგში გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე შეიყვანა.
გიორგი მამარდაშვილი
„საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც ევრო 2024-ის დებიუტანტი იყო, გოლის არ გაშვება, ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად, უმნიშვნელოვანესი გახლდათ. ქართველთა საბედნიეროდ, გიორგი მამარდაშვილი ფენომენალურ ფორმაში იყო. 23 წლის მეკარემ ტურნირი საშუალოდ მატჩში გაფორმებული 7.5 სეივით დაასრულა და Whoscored-მა ყველაზე მაღალი შეფასება მიანიჭა.
ჩეხეთთან მატჩში, მას 11 მოგერიება ჰქონდა და ევროპის ჩემპიონატების ჯგუფური ეტაპების ისტორიაში, ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირებულა. 2022 წელს, ვალენსიამ იგი 850 000 ევროდ შეიძინა და მას შემდეგ, მისმა ღირებულებამ მკვეთრად მოიმატა. ღამურებს მისი გაშვება არ უნდა უნდოდეთ, მაგრამ მამარდას ტრანსფერი კლუბს დიდ თანხას მოუტანს“.
გიორგი მიქაუტაძე
„გიორგი მიქაუტაძეს ევრო 2024-ზე ჰქონდა სერია, რომელმაც მას სახელი გაუთქვა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშში გაიტანა და საქართველოს ნაკრებს მერვედფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც ჯვაროსნები ესპანეთთან დამარცხდნენ.
წარმატებულმა ტურნირმა იგი ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოაქცია და გიორგი ლიონმა შეიძინა. თუ გმირობა და გოლების გატანა კლუბშიც განაგრძო, შესაძლოა, ეს ტრანსფერი ლიონისთვის ბრწყინვალე გარიგება გამოდგეს. გერმანიაში, მიქაუტაძე მცველებისთვის ნამდვილი კოშმარი იყო და უკეთესი დონის თანაგუნდელების გვერდით თამაში, გოლების გატანის საშუალებას მისცემს“.
ცნობისთვის, მიქაუტაძისა და მამარდაშვილის გარდა, Bleacher Report-ის სიაში რიჩარდ რიოსი (კოლუმბია), ჯო სკალი (აშშ), მანუელ უგარტე (ურუგვაი), რიკარდო კალაფიორი (იტალია), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია), იაკა ბიოლი (სლოვენია), ხონ არამბურუ (ვენესუელა), მარკ კუკურელია (ესპანეთი), დანიელ მუნიოსი (კოლუმბია) და მარკ გეჰი (ინგლისი) მოხვდნენ.