ხვიჩა კვარაცხელია, დიტმარ ჰამანი, ენტონი გორდონი
Aa
Aa

გორდონი კვარაზე წინ დააყენა | დიტმარ ჰამანმა სალაჰის იდეალური შემცვლელები დაასახელა

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიტმარ ჰამანმა მერსისაიდელთა სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და დაასახელა ორი მოთამაშე, რომლებსაც მოჰამედ სალაჰის შეცვლა შეუძლიათ. ჰამანმა ენტონი გორდონი და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია, თუმცა, დასძინა, რომ გორდონს „კვარაზე“ წინ აყენებს.

„ენტონი გორდონმა პრემიერ ლიგაზე დიდი გავლენა მოახდინა. როცა ევერტონს პრობლემები ჰქონდა, ის კარგად გამოიყურებოდა, ნიუკასლში გადასვლის შემდეგ კი, მძიმედ დაიწყო, მაგრამ ახლა კაჭკაჭების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სადღაც წავიკითხე, რომ ბავშვობაში ლივერპულის ფანი იყო და ვფიქრობ, მერსისაიდელებისთვის ბრწყინვალე ტრანსფერი იქნება. თანაც, ნიუკასლს, ფინანსური ანგარიშების დასაბალანსებლად, ამ ზაფხულს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა ესაჭიროება.

ასე რომ, გორდონი შესანიშნავი ვარიანტია. გაზეთებში ხვიჩა კვარაცხელიას სახელის შემხვდა, რომელსაც ნაპოლის დატოვება სურს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი სალაჰის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ბოლო წლების განმავლობაში, რამდენჯერმე ითქვა, რომ მო ლივერპულში უკანასკნელ სეზონს ატარებდა, მაგრამ ეს არ გამართლებულა. ვნახოთ, რა მოხდება და სალაჰი რას გადაწყვეტს.

რომელს ავირჩევდი, ხვიჩას თუ გორდონს? გორდონს ნიუკასლში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მნიშვნელოვან თამაშებში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და გოლები გააქვს. ბოლო 3-4 სეზონში, ჟოტამ, ნუნიესმა და დიასმა კარგად ითამაშეს, მაგრამ გამოჩნდა, რომ გადამწყვეტ მომენტებში ერთადერთი, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, სალაჰია.

სიმართლე გითხრათ, კვარაცხელიასა და გორდონს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან ძნელია და არ მგონია, მათ შორის დიდი განსხვავება იყოს. ის ფაქტი, რომ გორდონს საკუთარი შესაძლებლობები პრემიერ ლიგაში დამტკიცებული აქვს, მნიშვნელოვანი ფაქტორია. მინახავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც პრემიერ ლიგაში გადმოსვლის შემდეგ, არაფერი გამოუვიდათ, რადგან ინგლისის ჩემპიონატი მათთვის ძალიან სწრაფი და ძალისმიერი აღმოჩნდა. ასე რომ, გორდონისკენ ვიხრები“.

ცნობისთვის, ჰამანმა „კვარაზე“ ევრო 2024-ის მიმდინარეობის დროსაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა მოჰამედ სალაჰს იდეალურად შეცვლიდა. როგორც ჩანს, დიტმარმა პოზიცია შეცვალა და ახლა უპირატესობას ენტონი გორდონს ანიჭებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაქსი დააფინიშებს, მახაჩევი რომ არა, ვოლკს ვერ მოუგებდა“ | პიმბლეტი თოფურიაზე
„მაქსი დააფინიშებს, მახაჩევი რომ არა, ვოლკს ვერ მოუგებდა“ | პიმბლეტი თოფურიაზე