„მაქსი დააფინიშებს, მახაჩევი რომ არა, ვოლკს ვერ მოუგებდა“ | პიმბლეტი თოფურიაზე
UFC-ის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ბედიმ“ „ელ მატადორისა“ და მაქს ჰოლოუეის პოტენციურ ჩხუბზე, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო დაპირისპირებაც გაიხსენა.
„მგონია, რომ ჰოლოუეი თოფურიას დაამარცხებს და დააფინიშებს, თუმცა, ილიას წაგება არასდროს გვინახავს და არავინ იცის, რა მოხდება. მაქსი დაუჯერებელი მებრძოლია, მაგრამ თოფურიას გრეპლინგი, რომელიც მაღალი დონისაა, ჯერ არ გვინახავს და თუ ჰოლოუეი პარტერში გადაიყვანა, შანსი ექნება, მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით მოიგოს. მიუხედავად ამისა, ამ მომენტისთვის, ჰოლოუეის გამარჯვებას ვვარაუდობ.
ვოლკანოვსკისა და თოფურიას ჩხუბი? არ დავმალავ და ვიტყვი, რომ როცა დილით გავიღვიძე და ვნახე, რომ ილიამ გაიმარჯვა, მეწყინა, რადგან ალექსი ძალიან მომწონს, ილია კი მეზიზღება. არ მგონია, ამ ჩხუბამდე 10-12 კვირით ადრე, თოფურიას იგივე გამოსვლოდა და ვოლკი ნოკაუტში გაეგზავნა.
თოფურიას გაუმართლა, რომ ვოლკანოვსკის შესაფერის დროს ეჩხუბა. ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით წაგებული ჩხუბის შემდეგ, ალექსს პაუზა უნდა აეღო და მინიმუმ 3 თვით გვიან დაბრუნებულიყო. ამის ნაცვლად, მახაჩევისგან მიღებული საშინელი დარტყმის შემდეგ, ვოლკანოვსკიმ გადაწყვიტა, ოქტაგონზე მალევე გასულიყო.
ილიასთვის ყველაფერი იდეალურად დალაგდა, თუმცა, ნოკაუტის მომენტში იღბალს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია და ბრწყინვალე კომბინაცია განახორციელა. მეორე მხრივ, თოფურიასთან ჩხუბამდე 12 კვირით ადრე, მახაჩევისგან ფეხით თავში მიღებული დარტყმა რომ არა, არ მგონია, ილიას ამ კომბინაციით ვოლკი დანოკაუტებულიყო“.
შეგახსენებთ, რომ ილიასა და პიმბლეტს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ და ლონდონში ყოფნისას, ფიზიკური დაპირისპირებაც მოუვიდათ. ვინც არ იცით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პიმბლეტი თოფურიას წაგებას პროგნოზირებს და „ვოლკთან“ ბრძოლამდე, „ბედიმ“ იგივე ვარაუდი გააკეთა.