„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ანტონიო კონტესთან ერთად მზადებას შეუდგა. გუნდი ჯერ სრული შემადგენლობით არ შეკრებილა და არც სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაც დაუსრულებიათ, თუმცა უკვე ბევრი რამ გამოიკვეთა - რას აპირებს კონტე და საით მიჰყავს გუნდი. როგორ ითამაშებენ და რა ტაქტიკურ მონახაზს გამოიყენებენ.
დღეს სწორედ ამ საინტერესო დეტალებზე გესაუბრებით და განახებთ იმას, რაც „პარტენოპეის“ ახალ სეზონში კვარაცხელიასთან ერთად ელის. დიახ, ხვიჩა უდიდესი ალბათობით მინიმუმ 2025 წლის ზაფხულამდე ნეაპოლში დარჩება.
კონტეს ტაქტიკა: 3-4-2-1 ისე როგორც ჩელსიში
კონტეს ძალიან მოსწონს, როცა მისი გუნდები 3 ცენტრალური მცველითა და 2 „ვინგბექით“ თამაშობენ. მას 3-5-2-ითაც უთამაშია, მაგალითად „ინტერში“, თუმცა ანტონიოსთვის 3-4-2-1 ყველაზე მოსახერხებელი სისტემაა.
მოდი უკეთ აღსაქმელად ცოტა უკან წავიდეთ და 2016/17 წლების „ჩელსი“ გავიხსენოთ. კონტეს ფორმაციის „არისტოკრატები“ აგრესიულ, გააზრებულ და დაცვაში მწყობრ ფეხბურთს თამაშობდნენ. ამ გუნდზე ვერ იტყოდი, რომ პრაგმატული სტილის იყო და სანახაობას ვერ ქმნიდა.
კონტეს კარგად გამოსდიოდა ვარსკვლავებთან მუშაობაც. აზარი, ფაბრეგასი, პედრო, კოშტა და სხვები მის ხელში თავიანთ საუკეთესო ვერსიებს მიუახლოვდნენ და საოცარი სეზონი ჩაატარეს. ასე იყო მისი „ინტერში“ მუშაობის დროსაც. აქედან გამომდინარე კარგი მოლოდინები მაქვს, რომ კონტე კვარაცხელიასთანაც შესაბამისი დამოკიდებულებითა და წარმატებული გეგმით იქნება.
კონტეს „ჩელსი“ 3-4-2-1 სათამაშო სისტემას იყენებდა. შემადგენლობაში მხოლოდ 1 ან 2 მოთამაშე თუ შეიცვლებოდა, მაგრამ სისტემა ხელუხლებელი რჩებოდა.
ამ ფორმაციის „ჩელსის“ ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი „მანჩესტერ სიტისთან“ „ეტიჰადზე“ იყო, როცა კონტეს გუნდმა 3:1 მოიგო და ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
ახლა დავუბრუნდეთ „ნაპოლის“. სწორედ მსგავს მოდელს აყალიბებს კონტე ნეაპოლშიც. გუნდმა უკვე ჩაატარა სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი და ყველა მოლოდინი, თუ მოსაზრება გამართლდა - „პარტენოპეიმ“ „ანაუნესთან“ 4:0 მოიგო და 3-4-2-1 სისტემით ითამაშა.
ფლანგებზე სწორედ სპინაცოლა-მაცოკი ვიხილეთ. ამჯერად მათ ფლანგები გაცვლილი ჰქონდათ, თუმცა ორივე მათგანს შეუძლია ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად ითამაშოს. შეტევაში დროებითი ტრიო პოლიტანო-ლინდსტრიომი-სიმეონე იყო.
კონტემ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი მოითხოვა და როგორც ჩანს ყველა მათგანს მიიღებს. თავდაპირველად მწვრთნელმა დი ლორენცოსა და კვარაცხელიას შენარჩუნება ისურვა და მიიღო კიდეც. შემდეგ იყო მარცხენა „ვინგბექის“ ტრანსფერი და დე ლაურენტისმა სპინაცოლა გაიფორმა. კიმ მინ ჯაეს წასვლის შემდეგ არსებული პრობლემის მოგვარება კონტემ „ტორინოდან“ ალესანდრო ბუონჯორნოს გადაბირებით სცადა და იტალიელი ცენტრალური მცველიც „პარტენოპეიმ“ უკვე გაიფორმა.
ნახევარდაცვის ცენტრში კონტეს ადრიენ რაბიოს შეძენა სურს. ფრანგი შუახაზელი „იუვენტუსში“ დარჩენას არ აპირებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდის დატოვებას გეგმავს. თავად ფრანგს „რეალში“ გადასვლა სურს, მის მიმართ ინტერესი „მილანსაც“ აქვს. რა შანსები ექნება „ნაპოლის“ ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა დე ლაურენტისი კონტეს ამ ტრანსფერზე მუშაობას დაჰპირდა.
რაც შეეხება შეტევას, ოსიმენი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს და მის ადგილს ძირითადის 9-იანის პოზიციაზე რომელუ ლუკაკუ დაიკავებს.
კვარაცხელია ხელშეუხებელია. ასევე იქნება ლუკაკუც. მარჯვენა ფორვარდის პოზიცია კი ჯერაც გასარკვევია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლიტანო ამ პოზიციაზე პირველი არჩევანი იყოს, ან ლინდსტრიომი გადაიწიოს, თუნდაც ნგონგე დადგეს. კონტეს ამ პოზიციაზე თავისი გეგმები აქვს და ფედერიკო კიეზას შეძენას უმიზნებს.
Tuttosport-ის ცნობით, „ნაპოლის“ კიეზას დამატების შანსები გაეზარდა. იტალიელი შემტევი „რომაში“ აღარ გადავა. მოსალოდნელია, რომ გუნდები ბარტერს მიმართავენ - რასპადორი კიეზას სანაცვლოდ. „ბებერი ქალბატონის“ ახალ მთავარ მწვრთნელს ტიაგო მოტას ჯაკომო მოსწონს, კიეზას კი მის გეგმებში ვერ ხედავს.
ნეაპოლელები ასევე მეისონ გრინვუდის შეძენასაც განიხილავენ, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაა და გასულ სეზონში იჯარით „ხეტაფეში" თამაშობდა.
თუ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 2024/25 წლების სეზონისთვის „ნაპოლის“ სავარაუდო თერთმეტეული ასეთი იქნება.
გასარკვევი მარცხენა ცენტრალური მცველი რჩება. დი ლორენცო უკან იწევს და მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციას დაიკავებს, თუ ვერ გაამართლა, მას რაჰმანი შეცვლის. ბუონჯორნო ალბათ ცენტრში ხელშეუხებელი იქნება. მარცხნივ თამაში ნათანსა და ჟუან ჟესუსს შეუძლიათ, ასევე ოლივერას ვარიანტიც არის, თუმცა რამდენად ჯდებიან ისინი კონტეს გეგმებში ეგ ჯერ რთული სათქმელია, რადგან კლუბი აქტიურად მუშაობს მადრიდის „ატლეტიკოდან“ მარიო ერმოსოს ტრანსფერზე, რომელიც 3-მცველიან სქემაში მარცხნივ იდეალურად ჯდება.
ფეხბურთელები კონტეს შესახებ
ანტონიო კონტეს პერსონით, მისი მიდგომებით ფეხბურთელები მოხიბლულები არიან. მათი სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ რამდენად სცემენ პატივს და რამხელა მუხტის მიცემა შეუძლია ანტონიოს გუნდისთვის.
ალესიო ძერბინი:
„ინტენსიურად ვვარჯიშობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ მწვრთნელის მითითებები შევასრულოთ. ეს ძალიან მძიმე დღეებია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით კონტეს დავალებებს მივყვეთ. მას ვუსმენ და ვცდილობ ყველაფერი ზუსტად გავაკეთო. ჩემთვის დიდი პატივია კონტესთან მუშაობა“.
ლეონარდო სპინაცოლა:
„ჩემს ტრანსფერზე კონტემ დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით. მან ჩემს არჩევანზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. ანტონიო ძალიან ძლიერი სპეციალისტია. ის ყოველთვის ცდილობს გიბიძგოს და ზღვარს მიღმა გასვლა გაიძულოს. გონებრივად და ფიზიკურად შენგან მაქსიმუმს იღებს.
ჩვენ ვინგბექებს კონტე გვეუბნება, რომ მთლიანი ფლანგი გავაკონტროლოთ, დავეხმაროთ ფორვარდებს და უკან დროულად დავრბუნდეთ.
კვარაცხელიასთან ერთ ფლანგზე თამაში? ეს ძალიან მაინტერესებს და მასთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, ერთად ბევრს გავერთობით.
სკუდეტოს მოგება? ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ბევრ გუნდს უნდა შევუქმნათ პრობლემები. გუნდურად უნდა ვიმუშაოთ, ასევე მენტალური თვალსაზრისითაც. როცა ჩემპიონატი დაიწყება შემდეგ ვნახავთ როგორ ვითამაშებთ“.
ნაპოლი - საჩემპიონო გუნდი?
ამრიგად, კონტე გუნდს თავის გემოზე აწყობს და როგორც ჩანს, პრეზიდენტი დე ლაურენტისიც მზად არის მისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება. „ნაპოლის“ გეგმები კი მიუღწეველთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება.
წინასწარი გეგმებისა და რესურსების გათვალისწინებით, სერია A-ს 2024/25 წლების სეზონში მოწინავე სამეული ჩემი სუბიექტური აზრით „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „ნაპოლი“ იქნება.
ხვიჩა გუნდში რჩება, ამის თქმა 99%-ით შეგვიძლია. ამჯერად მთავარია მამუკა ჯუღელმა იმას მაინც მიაღწიოს, რომ ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა ჩაიწეროს და კვარას 2025 წლის ზაფხულში გუნდის შეცვლა პრობლემების გარეშე შეეძლოს.
რას ფიქრობთ თქვენ კონტეს ახალ „ნაპოლიზე“? და ასევე ხვიჩას მომავალზე. დაგვიწერეთ კომენტარები და მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში.