ოფიციალურად | ლუკა მოდრიჩმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ლუკა მოდრიჩი „რეალში“ რჩება. „სამეფო კლუბმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ხორვატ ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა. მოდრიჩი, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2012 წელს გადავიდა, „ბლანკოსის“ ღირსებას 2025 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
„რეალი და ლუკა მოდრიჩი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ და ჩვენი ერთ-ერთი კაპიტანი გუნდში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება“, - ნათქვამია მადრიდული გრანდის განცხადებაში.
Comunicado Oficial: renovación de Luka Modrić. #Modrić2025 | #RealMadrid
— Real Madrid C.F. (@realmadrid) July 17, 2024
მოდრიჩმა, „რეალის“ მაისურით 26 ტიტული მოიგო. ლუკა ჩემპიონთა ლიგის ექვსგზის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ხუთგზის, ლა ლიგის ოთხგზის, კოპა დელ რეის ორგზისა და ესპანეთის სუპერ თასის ხუთგზის გამარჯვებულია. 2018 წელს, მან ოქროს ბურთი დაისაკუთრა და უეფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
მოდრიჩს „რეალის“ მაისურით 534 მატჩი აქვს ჩატარებული. მან „სამეფო კლუბის“ რიგებში 39 გოლი გაიტანა, ხორვატიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 178 მატჩია.