„მამარდა ყველასთვის საუკეთესო იყო მათ გარდა“ | Superdeporte-ს კრიტიკა უეფა-ს
უეფა-მ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა და საუკეთესო თერთმეტეულში საქართველოს ნაკრების ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უეფა გიორგი მამარდაშვილის ტოპ 11-ს მიღმა დატოვების გამო გააკრიტიკეს.
„გიორგი მამარდაშვილი, ევროპის ჩემპიონატზე, ყველასთვის საუკეთესო მეკარე იყო... უეფა-ს გარდა... ESPN-მა, Gazzetta dello Sport-მა, Opta-მ და სხვა გამოცემებმა მამარდა, რომელსაც მეორეადგილოსან ბერტ ვერბრუგენზე 11-ით მეტი სეივი ჰქონდა, სიმბოლურში შეიყვანეს, უეფა-ს ექსპერტებმა კი მას მაიკ მენიო ამჯობინეს.
აშკარაა, რომ მამარდაშვილი დაისაჯა იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა. ჯვაროსნებმა ესპანეთთან წააგეს, მაგრამ იმ დღეს, მამარდამ ყველაფერი გააკეთა, რათა ფურია როხა შეეჩერებინა - გუნდი, რომელიც ევრო 2024-ის გამარჯვებული გახდა. გიორგის ესპანეთთან 9 სეივი ჰქონდა, ტურნირი კი მეორეადგილოსან ბერტ ვერბრუგენზე 11-ით მეტი სეივით დაასრულა. მამარდაშვილს მენიოზე 13-ით მეტი სეივი ჰქონდა“, - წერს ესპანური გამოცემა, Superdeporte.
ცნობისთვის, უეფა-ს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: მაიკ მენიო, მანუელ აკანჯი, კაილ უოკერი, ვილიამ სალიბა, მარკ კუკურელია, ფაბიან რუისი, დანი ოლმო, როდრი, ნიკო უილიამსი, ჯამალ მუსიალა, ლამინ იამალი.