კონტეს ბრძანება | „კვარა გაახანგრძლივებს ან ძველი კონტრაქტით დარჩება“
ნეაპოლური გამოცემის, Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე დაიწერა და „ნაპოლის“ თავკაცის, ანტონიო კონტეს პოზიცია ცნობილი გახდა. იტალიელი სპეციალისტი „კვარას“ გაშვებას არ აპირებს და გადაწყვეტილების შეცვლას კატეგორიულად გამორიცხავს.
„კვარაცხელიას კონტრაქტის ფრონტზე სრული სიჩუმეა. ნაპოლის მამუკა ჯუღელისგან და ხვიჩას მამისგან „სერიოზული“ პასუხის მიღება სურს და შესაძლოა, ეს პარტენოპეის 3.5-მილიონიან წინადადებაზე კონტრშეთავაზების გაკეთებაც იყოს.
კონტესა და კვარაცხელიას შეხვედრა ჩანიშნულია და ეს კასტელ დი სანგროში გასამართი შეკრების პირველ დღეებში მოხდება. ანტონიოს ბრძანება უკვე გაცემული აქვს: თუ კვარა ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, გუნდში ძველი კონტრაქტით დარჩება... კონტესთვის ყველაფერი ძალიან მარტივადაა“, - წერს ნეაპოლური გაზეთი.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ნაპოლის“ დიდი ალბათობით, ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, რის გამოც, „პარტენოპეის“ კვარაცხელიას შენარჩუნება სურს. ნიგერიელი ფეხბურთელის გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული და ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფრანგული გრანდი ტრანსფერთან ახლოსაა. „პარკ დე პრანსზე“ გადასვლა ოსიმენსაც უნდა და კლუბებს შორის შეთანხმებას ელოდება. ხვიჩას მოქმედ კონტრაქტს რაც შეეხება, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ანაზღაურება 1.5 მილიონ ევრომდეა.