პარი სენ-ჟერმენი ოსიმენის შეძენასთან ახლოსაა | ნაპოლი ლუკაკუს იმატებს
„პარი სენ-ჟერმენმა“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე პროგრესს მიაღწია. ნიგერიელი ფეხბურთელის აგენტი, რობერტო კალენდა პარიზში იმყოფებოდა, სადაც პსჟ-ს ხელმძღვანელებს შეხვდა. Sportmediaset-ის ინფორმაციით, შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა და ფრანგები გარიგების დახურვასთან ახლოს არიან.
იტალიური გამოცემის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენი“ ოსიმენის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის, რაზეც „ნაპოლი“ თანახმაა. უფრო მეტიც, „პარტენოპეის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ცდილობს, გარიგება რაც შეიძლება სწრაფად დახუროს.
Sportmediaset-ის ცნობით, უახლოეს დღეებში, კლუბების წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან. ისინი საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ და გარიგებას ოფიციალურად დახურავენ. ოსიმენის წასვლით გაჩენილ სიცარიელეს დე ლაურენტისი რომელუ ლუკაკუთი შეავსებს.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ ბელგიელი ფეხბურთელის თანხმობა აქვს და მას 3-წლიან ხელშეკრულებას უმზადებს. როგორც კი ოსიმენი გუნდს დატოვებს, „პარტენოპეი“ ლუკაკუს გადაიყვანს და მისი ტრანსფერი დაახლოებით 25-30 მილიონი ევრო დაუჯდება.