„საინტერესო ფეხბურთელია“ | სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა
„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლივიე დალ’ოლიომ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. „მწვანეების“ დამრიგებელმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, კლუბმა ქართველი ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა და განაცხადა, რომ ზურიკო გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.
„ლიგა 1-ში დაწინაურების შემდეგ, ყველა ბლოკის გაძლიერება იყო საჭირო. ჩვენი მიზანი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა და საამისოდ, კონკრეტული დონის მქონე ფეხბურთელები გვჭირდება. გვინდოდა, გუნდის ტექნიკური დონე გაგვეუმჯობესებინა და ზურიკო დავითაშვილი დავიმატეთ, რომელიც ლიგა 2-ში თამაშობდა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს და საინტერესო ფეხბურთელია.
ზურიკო გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდება. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ის შვებულებაში იმყოფება და როგორც ვიცი, მომდევნო კვირის შუა ნაწილში, ჩვენთან ერთად უნდა იყოს. დავაკვირდით თუ არა მის თამაშს ევრო 2024-ის მიმდინარეობისას? რა თქმა უნდა! ტელეფონი და კომპიუტერი მქონდა გვერდით და მის მატჩებს ვუყურე, შემდეგ კი ყველას ახლიდან ვუყურე“.
ცნობისთვის, „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონს 18 აგვისტოს გახსნის. „მწვანეები“ სტუმრად „მონაკოს“ დაუპირისპირდებიან და მატჩი თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება.