საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ისტორია დაიწერა - საქართველოს ქალთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფიდან გავიდა

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

ირის ანტმანის შეგირდები ამ გამარჯვებით ჯგუფში საუკეთესო მეორე ადგილით გავიდა და პლეი-ოფში იასპარეზებს.

პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი იყო. გუნდები მომენტებს ვერ ქმნიდნენ და ბურთისთვის ბრძოლა ძირითადად ცენტრში მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმი კი სრულიად განსხვავებული იყო. პირველივე წუთებიდან საქართველომ პრესინგს მიმართა და შეტევაში გააქტიურდა. კარგი მომენტი ჰქონდა ნინი ბუხრიკიძეს, თუმცა მისი დარტყმა კარს ზემოდან გადაცდა.

ამის შემდეგ, ლიეტუვამ ტერიტორიული უპირატესობა ცოტა ხნით მოიპოვა და ერთი რეალური მომენტი შექმნა, თუმცა ჯერ თათია გაბუნიამ მოიგერია ბურთი და შემდეგ მარიამ კალანდაძემ განმუხტა სიტუაცია.

ბოლო 15 წუთი კი ქართველი გოგოების დომინირებით წარიმართა. მათ არაერთი მომენტი შექმნეს და საბოლოოდ მატჩის 88-ე წუთზე ლიეტუვის კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან ქსკ ნიკეს ნახევარმცველი მაიკო ბებია მივიდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ გატანილი გოლის შემდეგ, ლიეტუვას კარგი მომენტი შეექმნა, თუმცა თათია გაბუნია ზუსტი აღმოჩნდა და მეტოქეს გოლის გატანის შანსი არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ფეხბურთში აქამდე მსგავსი რამ არ მომხდარა. საქართველოს ქალთა ნაკრები პირველად გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპიდან.

ცნობისთვის, ირის ანტმანის გუნდის შემდეგი მოწინააღმდეგე 19 ივლისს წილისყრის შედეგად გაირკვევა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები