მადრიდის რეალი, ტონი კროოსი
Aa Aa

ტონი კროოსი - სიმშვიდის სათნოება და ფეხბურთის როჯერ ფედერერი

ტონი კროოსს თავისი ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის განმავლობაში ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, მაგრამ მან დიდი ხანია აბსოლუტურად ყველა გააჩუმა.

თებერვალში გამართული მადრიდული დერბის შემდეგ, გერმანელ ნახევარმცველს მისი ყოფილი თანაგუნდელი ისკო ალარკონი ფაქტობრივად დარჩენას ემუდარებოდა.

ისკომ ინსტაგრამზე დაწერა: „მინდა შენს თამაშს სიამოვნებით ვუყურო კიდევ 2-3 წელი.“

საუბედუროდ, ისკოს თხოვნა, თხოვნადვე დარჩა. კროოსმა განაცხადა ამბავი, რომლისაც მადრიდის რეალის ყველა გულშემატკივარს ეშინოდა. ტონიმ თქვა, რომ ევრო 2024-ის შემდეგ საფეხბურთო კარიერას ასრულებდა..

„ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ კარიერის დასასრულებლად სწორი დრო ვიპოვე. ჩემი ამბიცია ყოველთვის კარიერის მწვერვალზე დასრულება იყო.“ - თქვა კროოსმა

გარკვეულწილად ასეც გამოვიდა, რადგან კროოსმა საკლუბო კარიერა ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა, თუმცა ევრო 2024-ზე გერმანიის ნაკრებთან ერთად მეოთხედფინალში დამარცხდა..

საუკუნის ძარცვა

ახალი არავისთვის არის, რომ გერმანელი ნახევარმცველი მიუნხენის ბაიერნში არ დააფასეს და ხელფასი არ გაუზარდეს. ამის გამო მან 2014 წლის ზაფხულში რეკორდმაისტერი დატოვა..

მიმდინარე წლის მაისში, ალიანს არენაზე გულშემატკივრები კროოსს მტრულად შეხვდნენ. მისი პასუხი კი ვინისიუს ჟუნიორზე საუცხოო პასი იყო. ამ უკანასკნელმა კი ნოიერის კარი აიღო..


იფიქრეთ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებზეც.. დევიდ მოიესთან შეხვედრის შემდეგ, ტონი წითელ ეშმაკებში გადასვლას დათანხმდა. იცით რატომ ჩაიშალა ტრანსფერი? მოიესი მოხსნეს და მის ნაცვლად ვან გაალი დაინიშნა. მას კი კროოსთან თანამშრომლობა არ სურდა..

2014 წლის მუნდიალი უკვე დაწყებული იყო, როდესაც ტონის კარლო ანჩელოტიმ დაურეკა და რეალში თამაში შესთავაზა, რასაც ფეხბურთელი დათანხმდა..

მოგვიანებით კროოსმა აღიარა, რომ ეს იყო ტრანსფერი, რომელმაც მისი, როგორც ფეხბურთელის ცხოვრება შეცვალა. ეს იყო ახალი თავის დასაწყისი მსოფლიოს უდიდეს კლუბში. ეს ისტორია კი ბედნიერად დასრულდა..

ხარისხისა და მენტალიტეტის ნაზავი

მიმდინარე წლის პირველ ივნისს კროოსმა სამეფო კლუბში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მან დანი კარვახალს საგოლე პასი გაუკეთა. გერმანელმა სუპერვარსკვლავმა მადრიდულ გრანდში მეხუთე ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ჯამში კი მეექვსე.

 

View this post on Instagram

A post shared by Toni Kroos (@toni.kr8s)

მოგვიანებით კითხვაზე, თუ როგორ მიაღწია ლოს ბლანკოსმა წარმატების ასეთ შესანიშნავ ეპოქას, კროოსმა უბრალოდ უპასუხა: „ეს არის ხარისხისა და მენტალიტეტის ნაზავი“.  შესაძლოა ამ შემთხვევაში ტონი საკუთარ თავზეც ლაპარაკობდა..

ყოველთვის ელეგანტური და ეფექტური

რა თქმა უნდა, ყველაფერი ყოველთვის მშვიდად არ მიდიოდა. 2018/2019 წლებში რეალმა ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ კროოსი ზეწოლას არ გრძნობდა. ის ამბობს, რომ არასდროს ნერვიულობს და რა მიზეზი გვაქვს, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ? კროოსის სიმშვიდე ნორმალური არ არის..

ჯამალ მუსიალა გაოგნებული იყო იმით, თუ როგორ მშვიდად გადაადგილდებოდა ტონი ბურთთან ერთად. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ხშირად ამბობდა, რომ სიამოვნებით უყურებდა ტონის თამაშს..

„ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. მე ამას მის გასახარებლად არ ვამბობ. ეს უბრალოდ სიმართლეა. არასდროს მინახავს, თუ როგორ კარგავს ბურთს. მისი თამაში ყოველთვის ელეგანტური და ეფექტურია. ცუდი დღე არასდროს აქვს..“ - თქვა ზიდანმა

ყველაზე მამაცი

მიუხედავად იმისა, რომ ზიდანი კროოსს სიმშვიდის სათნოებად თვლიდა, ზოგიერთი გერმანელი ექსპერტი ამას ხარვეზად აღიქვამდა. განსაკუთრებით ევრო 2016-ის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ.. ტონის დააბრალეს, რომ ის ძალიან ადვილად კონტროლირებადი და ფრთხილი იყო..

იმ პერიოდში კროოსი გუარდიოლამ დაიცვა, რომელმაც განაცხადა: „ხშირად, როდესაც საქმე ცუდად მიდის, გულშემატკივრები ისეთ მოთამაშეებს ადანაშაულებენ, რომლებიც შედარებით მშვიდები და ტექნიკურები არიან, მაგრამ სწორედ ეს ფეხბურთელები არიან ყველაზე მამაცები და ყველაზე გამბედავები.. ტონი რთულ მომენტებში ყველაზე მამაცია..“

მოძველებული

ევრო 2020-ის მერვედფინალში გერმანიამ ინგლისთან წააგო, ხოლო ტონი კროოსი ული ჰიონესმა საჯაროდ მწვავედ გააკრიტიკა: „მისი თამაში მოძველებულია და თანამედროვე ფეხბურთში არ ჯდება. თამაში დღეს ვერტიკალურად მიმდინარეობს და ფეხბურთელები ბურთს სწრაფი ტემპით ატარებენ წინ..“

კროოსი კიდევ ერთმა ლეგენდარულმა გერმანელმა ლოთარ მათეუსმაც გააკრიტიკა: „კროოსი აღარ არის საერთაშორისო კლასის. პირადად მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მისი თამაშის სტილს არ ვეთანხმები.“

რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ამ კომენტარებზე რეაგირება არ მოახდინა და საერთოდ არ შეიმჩნია..

ჩავის მემკვიდრე

მას შემდეგ, რაც შვეიცარიამ იტალიას 2:0 მოუგო, გაირკვა, რომ გრანიტ ჯაკამ 25 ზუსტი ვერტიკალური პასი გააკეთა. ეს იყო სერიოზული და მკაფიო სტატისტიკა, მაგრამ მაინც არაფერი იყო იმასთან შედარებით, რომ ტონი კროოსმა ამაზე უკეთესი შედეგი ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში დააფიქსირა.  

კროოსმა ევრო 2024-ზე რეკორდები მოხსნა. მაგალითად, მეოთხედფინალში მან სტადიონის ბოლო მესამედში(იგულისხმება საჯარიმოს სიახლოვეს გაკეთებული პასები) 113 ზუსტი გადაცემა შეასრულა და მსგავსი შედეგი არასდროს არავის ჰქონია. შექმნილი სახიფათო მომენტები კი 13 ჰქონდა. ასეთივე შედეგი ჰქონდათ დეკლან რაისს, ჯუდ ბელინგემს, ბუკაიო საკას და ფილ ფოდენს..

კროოსის სანაკრებო კარიერა შეიძლება ისე არ დასრულდა, როგორც საკლუბო, მაგრამ მისი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება მაინც ტრიუმფალური იყო. მისი გადაწყვეტილება, რომ გერმანიაში გერმანიის ნაკრებს კვლავ დახმარებოდა ნამდვილად დასაფასებელია. აღსანიშნავია მისი სათამაშო სტილი უკვე დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე. მან ზუსტად აჩვენა ის ყველაფერი, თუ რატომ შეარქვა ჩავიმ მას თავისი მემკვიდრე და რატომ შეარქვა ხუან რომან რიკელმემ ფეხბურთის როჯერ ფედერერი.

„მას შეუძლია ისე ითამაშოს, რომ არც კი გაოფლიანდეს. მისგან საოცარი სიმშვიდე მოდის.“ - თქვა რიკელმემ

რა თქმა უნდა, ისეთი სიამოვნება იყო კროოსის თამაშის ყურება, რომ ძნელია არ მიბაძო ისკოს და არ თხოვო მას ფეხბურთში დარჩენა. გადაწყვეტილების მიუხედავად, ანჩელოტიმ თქვა, რომ თუ ტონი ფეხბურთში დაბრუნებას გადაწყვეტს, რეალში ადგილი აუცილებლად ექნება.

თუმცა, გერმანელმა თქვა, რომ მას სურდა დაემახსოვრებინათ, როგორც 34 წლის ფეხბურთელი, რომელმაც საუკეთესო სეზონი ჩაატარა მადრიდულ კლუბში..

კროოსმა ეს თქვა და შეასრულა კიდეც.. მისი ლამაზი ზღაპარი დასრულებულია..

გაზიარება: