„დავამტკიცეთ, რომ გერმანიაში ტურისტებად არ ჩავსულვართ“ | ოთარ კაკაბაძის ინტერვიუ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ sportowefakty-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. 29 წლის უკანახაზელმა ევროპის ჩემპიონატზე გამართული მატჩები გაიხსენა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
ევროპის ჩემპიონატი
„საოცარი პერიოდი გამოვიარეთ. ორი კვირაა, რაც ევროპის ჩემპიონატიდან დავბრუნდით და ყველაფერი იდეალურად მახსოვს. ძალიან ვამაყობ და ევრო 2024 ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირი იყო“.
იგრძნო თუ არა თავი ეროვნულ გმირად, როცა თბილისში საოცარი დახვედრა მოუწყვეს
„ცოტათი კი. ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ქართველი გულშემატკივრებისგან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენით. კარგად ნახეთ, რა საოცრად დაგვხვდნენ თბილისში და რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. დაუჯერებელი სცენები იყო. ქალაქის ქუჩებში ავტობუსით გადავადგილდებოდით და ქომაგებს, მხარდაჭერის გამო, მადლობას ვუხდიდით. საოცარი საღამო იყო, რომელიც მთელი ცხოვრება დაგვამახსოვრდება“.
რომელი მატჩი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი
„ვფიქრობ, ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველაზე მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩი პორტუგალიასთან გვქონდა, რომლის შემდეგაც, ჯგუფიდან გავედით. განსაკუთრებული მომენტი იყო. როცა ევროპის ჩემპიონატზე მივემგზავრებოდით, ბევრმა გვკითხა, რა მიზანი გვქონდა და ვთქვით, რომ გერმანიაში ტურისტებად არ ჩავდიოდით. ჩემი აზრით, ეს დავამტკიცეთ და გავაკეთეთ ის, რასაც არავინ ელოდებოდა - ჯგუფიდან გავედით“.
ვინ იყო ევრო 2024-ზე საქართველოს მთავარი გმირი
„უკეთესი იქნება, ამ საკითხზე მე კი არა, გულშემატკივრებმა ილაპარაკონ. საქართველოს ნაკრების მაისურით, რამდენიმე ფეხბურთელს ბრწყინვალე ტურნირი ჰქონდა. როგორც გუნდმა, თავდაუზოგავად ვიმუშავეთ და ერთი მოთამაშის გამორჩევა არასწორი იქნება, თუმცა, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მამარდაშვილს მსოფლიო დონის გრანდში შეუძლია თამაში და მგონია, რომ მომავალში, ჩემპიონთა ლიგის მოგების პრეტენდენტ კლუბში იასპარეზებს.
მამარდას გარდა, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე გვყავს, რომლებიც ასევე საოცარი ფეხბურთელები არიან. საქართველოს ნაკრებში ასპარეზობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ტოპ კლუბში თამაში თავისუფლად შეუძლიათ. ამ გუნდით ძალიან ვამაყობ“.
რას მოუტანს ნაკრების წარმატება საქართველოს და ეროვნულ გუნდს
„ახალგაზრდა გუნდი გვყავს და შეგვიძლია, მომავალში დიდ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი მომდევნო მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა. ევრო 2024-ზე ნაჩვენები შედეგი ახალგაზრდა ფეხბურთელებს შთაგონებას მისცემს და ამ სპორტით უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდება. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა, მაგრამ ნაკრების წარმატებამ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი გაზარდა“.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. „ჯვაროსნები“ მერვედფინალში მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთთან დამარცხდნენ.