„კვარა მეტოქეთა მცველების სუნთქვას გრძნობდა, მიქაუტაძე აღმოჩენაა“ | The Athletic-ის ექსპერტები
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, The Athletic-ის საფეხბურთო ექსპერტებმა კარლ ანკამ, ოლივერ კეიმ, შარლოტ ჰარპერმა, ჯეიკობ უაითჰედმა, სებასტიან სტაფორდ-ბლურმა და ჯეიმს ჰორნქესლმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი შეაჯამეს. The Athletic-ის ექსპერტებმა თავიანთი რჩეულები დაასახელეს და საქართველოს ნაკრებსა და „ჯვაროსნების“ ფეხბურთელებზე ილაპარაკეს.
ფეხბურთელი, რომელსაც ევრო 2024-მდე არ ვიცნობდი, ახლა კი ნამდვილად ვიცი ვინაა
ოლივერ კეი: „საქართველოს ნაკრებში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძე ნამდვილი აღმოჩენა იყო. ის სწრაფი, უნარიანი და ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელსაც ორივე ფეხით შეუძლია თამაში. შესაძლებელია, ევროპის ჩემპიონატის დასრულების გამო, მიქაუტაძე ისევ რადარებს მიღმა დარჩეს, მაგრამ აშკარაა, რომ ხელშეუხებელი პოტენციალი აქვს“.
შარლოტ ჰარპერი: „ნაპოლის გულშემატკივრები გამიბრაზდებიან, მაგრამ ჩემთვის ეს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. მეტოქე გუნდის მცველები კვარას ისე ახლოს ეთამაშებოდნენ, მათ სუნთქვას გრძნობდა, მაგრამ მოედანზე მაინც შიშის გარეშე დარბოდა. დრიბლინგისას ბალანსის საოცარი უნარი აჩვენა, ემოციებს არ აჰყვა, მეტოქეებს ჯარიმები მიაღებინა და საკუთარი ნაკრები წნეხიდან გამოიყვანა. პორტუგალიასთან გატანილი გოლის ეპიზოდში, მაღალი კლასის ფინიშინგი გამოავლინა“.
ნაკრები, რომლის თამაშის ყურებაც ყველაზე სასიამოვნო იყო
კარლ ანკა: „საქართველოს მიერ ევროპის ჩემპიონატზე გავლილი გზა ვიდეოს დასამონტაჟებლად მშვენიერი მატერიალია. საქართველო კონტრშეტევებზე მოთამაშე დებიუტანტი ნაკრები იყო, რომლის ღირსებასაც გაბედული ფეხბურთელები იცავდნენ. ისინი მზად იყვნენ, დაუღალავად ერბინათ და მეტოქე გუნდის მცველებისთვის შეცდომების დაშვება ეიძულებინათ“.
ჯეიკობ უაითჰედი: „საქართველო! ხვიჩა კვარაცხელიას ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ. არ აქვს მნიშვნელობა ფლანგზე გარბის, უბრალოდ დარბის თუ პოლიტიკური თანამდებობისთვის იბრძვის“.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. „ჯვაროსნები“ მერვედფინალში მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთთან დამარცხდნენ.