მეცი და ლიონი შეთანხმდნენ | მიქაუტაძის ტრანსფერის ახალი დეტალები
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში რჩება. ბოლო დღეების განმავლობაში, იწერებოდა, რომ ქართველი თავდამსხმელი კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებდა, მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და მისი გადაბირების მთავარი ფავორიტი „ლიონი“ გახდა.
რამდენიმე საათის წინ, L’Equipe-მა გვაუწყა, რომ მიქაუტაძემ „მონაკოს“ უარი უთხრა და „ლიონთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს. ფრანგი ჟურნალისტის, უგო გუილემეს ინფორმაციით, მიქაუტაძე „ლიონთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის.
გუილემეს ცნობით, „ლიონმა“ „მეცთან“ საერთო ენა გამონახა და 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 18 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა, ამ თანხაში ბონუსები არაა გათვალისწინებული. „ლიონი“ გიორგის ყოფილი კლუბია და 2008/15 წლებში, მის აკადემიაში ირიცხებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი „მეცში“ დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი „აიაქსში“ გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში მან თავი ვერ გამოიჩინა და „მეცმა“ მისი კონტრაქტი 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა.