ასტანას ჩელენჯერი და პირველი გამარჯვება - ფურცელაძემ ჩეხი პალანი დაამარცხა
ყაზახეთში, კონკრეტულად კი ასტანაში ჩელენჯერი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე იღებს.
საბა პირველ წრეში ATP რეიტინგის 469-ე ნომერს დომინიკ პალანს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:4 დაამარცხა.
პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალედ იასპარეზა და უპირატესობას მესამე გეიმში დაეუფლა, რა დროსაც ბრეიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ჩეხ ჩოგბურთელს მთელი სეტის განმავლობაში მხოლოდ 3 ბრეიკ პონტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.
მეორე სეტი შედარებით დაძაბული გამოდგა. პირველ ორ გეიმში მოთამაშეებმა საკუთარი ჩაწოდება დათმეს. ფურცელაძემ მეხუთე გეიმში ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.
ცნობისთვის, ასტანას ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 41 000 დოლარი გახლავთ. ასევე გეტყვით, საბა ფურცელაძე ATP რეიტინგში 533-ე ადგილს იკავებს. საბა მერვედფინალში ომარხანოვსა და ჟუკოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.