ოპერაცია სჭირდება - არაუხო მინიმუმ 4 თვეს გამოტოვებს
კოპა ამერიკაზე ურუგვაისა და ბრაზილიის მატჩის დროს, რონალდ არაუხომ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბარსას უკანახაზელის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. მას მარჯვენა ფეხის მყესი აქვს დაზიანებული.
ესპანური მედიის ინფორმაციით, არაუხოს ოპერაცია სჭირდება და ამის გამო 4-დან 6 თვემდე გამოტოვებს. მოგეხსენებათ, ასეთი ტრავმის რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანია.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას არაუხოს გარდა სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც ჰყავს. საუბარი პედრიზე, დე იონგზე და გავიზეა. ამ უკანასკნელის დაბრუნებაც გაიწელა.
კატალონიაში ვარაუდობენ, რომ გავი ნოემბრის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბლაუგრანას აქტიურობა მოუწევს.