ნიკო, ბელინგემი, კეინი, იამალი | ევროს 22-ე, ფინალური დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის 22-ე სათამაშო დღეს, ესპანეთი-ინგლისის ფინალური მატჩი გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრასა და მასში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მეოთხედ მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდია - 1964; 2008; 2012 და 2024. გერმანია - 3-გზის, ხოლო საფრანგეთი და იტალია 2-2-გზის ჩემპიონები არიან.
ესპანეთის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველი გუნდია, რომელმაც ტურნირზე 7-ვე მატჩი მოიგო. დიდ ტურნირებზე ასეთივე შედეგი მხოლოდ ბრაზილიას აქვს - 2002-ის მსოფლიოზე.
ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ზე ჯამში 15 გოლი გაიტანა, რაც ყველა დროის რეკორდია. აქამდე ეს რეკორდი ეკუთვნოდა საფრანგეთს, რომელმაც ევრო 1984-ზე 14 გოლი შეაგდო.
ინგლისის ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველი გუნდია, რომელმაც ფინალი ზედიზედ ორ ტურნირზე წააგო - ევრო 2020 და ევრო 2024.
გარეტ საუთგეიტი, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მე-3 მწვრთნელია, რომელმაც ორ ფინალში მიიღო მონაწილეობა - ჰელმუტ შონი (1972 და 1976) და ბერტი ფოგტსი (1992 და 1996).
გარეტ საუთგეიტი, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველი მწვრთნელია, რომელმაც ტურნირზე ორი ფინალი წააგო.
ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 45-ე მატჩი ჩაატარა და ეს მინიმუმ 19-ით მეტია ნებისმიერ იმ გუნდს შორის, რომელსაც ტურნირი არასდროს მოუგია.
კოულ პალმერმა გოლი მოედანზე გამოსვლიდან 2 წუთისა და 22 წამის შემდეგ შეაგდო, რაც ევროს ფინალების ისტორიაში მე-2 ყველაზე სწრაფი ცვლილებიდან გამოსულის გოლია. რეკორდი ხუან მატას ეკუთვნის - ევრო 2012-ის ფინალში, 1 წუთისა და 40 წამის შემდეგ.
მიკელ ოიარსაბალს, ესპანეთის ნაკრების მაისურით, 12 გოლიდან 9 ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ აქვს გატანილი, მათ შორის, ბოლო 5 ზედიზედ.
მიკელ ოიარსაბალი, ევროპის ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში, მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა - ოლივერ ბირჰოფი (ევრო 1996); დავიდ ტრეზეგე (ევრო 2000); ედერი (ევრო 2016) და მიკელ ოიარსაბალი (ევრო 2024).
ლამინე იამალი, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ ტურნირზე 4 ან მეტი ასისტი შეასრულა. ეს სტატისტიკა ევრო 1980-დან მოყოლებული აითვლება.
22 წლისა და 2 დღის ასაკში, ნიკო უილიამსი, ევროპის ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში, მე-2 ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანია. რეკორდი ეკუთვნის იტალიელ პიეტრო ანასტაზის, რომელმაც ევრო 1968-ის ფინალში 20 წლისა და 64 დღის ასაკში გაიტანა.
ნიკო უილიამსმა ფინალში გოლი მეორე ტაიმის დაწყებიდან 69 წამის შემდეგ შეაგდო, რაც ფინალების მეორე ტაიმების ისტორიაში, ყველაზე სწრაფი გოლია.
ინგლისის ნაკრებს ბოლო 12-დან 8 მატჩში პირველი გოლი აქვს გაშვებული, მათ შორის, ბოლო 4-ში - ზედიზედ, ანუ გუნდი ევროს პლეი-ოფის ყველა მატჩს აგებდა.
დიდი ტურნირების ფინალების ისტორიაში, 17 წლისა და 1 დღის ასაკში, ლამინე იამალი ყველაზე მცირეწლოვანი ფეხბურთელია. პელეს რეკორდი გააუმჯობესა - 1958-ის მსოფლიოზე, 17 წლისა და 249 დღის ასაკში.
ჰარი კეინმა, ევრო 2020-ისა და ევრო 2024-ის ფინალებში, ჯამურად მოედანზე 181 წუთი გაატარა, რა დროშიც ჰქონდა: 1 კარისკენ დარტყმა, მეტოქის საჯარიმოში 1 ბურთთან შეხება და სულ 58 ბურთთან შეხება.
ჯუდ ბელინგემმა დიდ ტურნირებზე მე-15 მატჩი ჩაატარა და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ასეთ რიცხვს მიაღწია - მისი ასაკია 21 წელი და 15 დღე.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების სულ 39 ფინალია გამართული და პირველად მოხდა, როცა ძირითად შემადგენლობაში ორი თინეიჯერი იყო - ლამინე იამალი (17 წლის და 1 დღის) და კობი მეინუ (19 წლის და 86 დღის).