გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი წიტაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გურამ კაშია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ჩაკვე კარვახალს უსწრებს, კაშია - რუდიგერს | ქართველები ევრო 2024-ის საუკეთესოებში

ევრო 2024-ზე ოქროს ბუცის მფლობელი 3 გოლით ერთდროულად 6 ფეხბურთელი გახდა. სასიხარულო და ისტორიული ფაქტია, რომ ერთ-ერთი მფლობელი გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა.

გიორგი მიქაუტაძეს კარისკენ დარტყმის მხოლოდ 7 მცდელობა ჰქონდა, 3 ზუსტი იყო, 2 არაზუსტი და 2 დაუბლოკეს. მიქაუტაძის შემდეგ საქართველოს ნაკრების მხრიდან კარისკენ დარტყმის ყველაზე მეტი მცდელობა კვარაცხელიას ჰქონდა (6 მცდელობა: 2 ზუსტი, 4 არაზუსტი).

ოქროს ბუცის მფლობელებს შორის ყველაზე მეტი მცდელობა ჰარი კეინს ჰქონდა, ყველაზე ნაკლები - ივან შრანცს. რაც შეეხება სათამაშო დროს, ბომბარდირებს შორის ივან შრანცმა ყველაზე ცოტა დრო გაატარა მინდორზე.

ოქროს ბუცის მფლობელებიდან პენალტი დანი ოლმოს, კოდი გაკპოს, ჯამალ მუსიალას და ივან შრანცს არ გაუტანიათ.

ასევე გეტყვით, რომ ევრო 2024-ზე კარისკენ დარტყმის ყველაზე მეტი მცდელობა მბაპეს ჰქონდა, მისი 24 დარტყმიდან 9 ზუსტი იყო, 9 არაზუსტი და 6 დაბლოკეს. ფრანგმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, პოლონეთს პენალტი შეუგდო. მბაპეს მსგავსად კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკაც ძალიან ცუდია, 23 მცდელობიდან 9 ზუსტი იყო, 8 არაზუსტი, 6 დარტყმა დაუბლოკეს და ტურნირი უგოლოდ დაასრულა.

საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძის შემდეგ კარისკენ დარტყმის ყველაზე მეტი მცდელობა კვარაცხელიას ჰქონდა, მისი 6 მცდელობიდან 2 ზუსტი იყო, 4 არაზუსტი. კვარას ქოჩორაშვილი მოჰყვება, მისი 5 მცდელობიდან 3 არაზუსტი იყო, 2 დაუბლოკეს. ქოჩორაშვილის შემდეგ წიტაიშვილი მოდის, რომლის 3 მცდელობიდან 2 ზუსტი იყო, 1 არაზუსტი.

რაც შეეხება „სეივების'' რაოდენობას, მამარდაშვილი 29 „სეივით'' ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა. 

ბურთის დაბრუნებით საქართველოს ნაკრებში გურამ კაშია საუკეთესო იყო, მან ბურთი 27-ჯერ დაიბრუნა და ევრო 2024-ზე ამ სტატისტიკით მე-18 ადგილზეა. სანიოლის გუნდში კაშიას შემდეგ კაკაბაძე მოდის, მან ბურთი 24-ჯერ დაიბრუნა, 35-ე ადგილზეა.

საინტერესოა რომ წარმატებული ვარდნებით ჩაკვეტაძე მე-5 ადგილზეა, მის აქტივში 13 წარმატებული ვარდნაა. „ჩაკვე'' ბელინგემს (24), პალინიას (16), დეკლან რაისსა (15) და ჰოიბიერგს (15) ჩამორჩება. „ჩაკვეს'' და კამავინგას 13-13 წარმატებული ვარდნა აქვთ, ბევრ მოთამაშეს უსწრებენ, მათ შორის ჩუამენს (10), დი ლორენცოსა (10) და კარვახალს (9).

სახიფათო მომენტის განმუხტვის სტატისტიკაში კაშია მესამე ადგილზეა, მან მეტოქის შეტევა 33-ჯერ განმუხტა, მხოლოდ სლოვენიელ ბიიოლსა და ვან დეიკს ჩამორჩება. კაშია ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს როგორებიც შერი, სალიბა, ლაპორტე, რუდიგერი, სტოუნსი, უპამეკანო და პეპე არიან. საუკეთესო ათეულშია ლაშა დვალი, მან მეტოქის შეტევა 23-ჯერ განმუხტა.

პასების 100-პროცენტიანი სიზუსტე 16 ფეხბურთელს აქვს, მათ შორისაა ბუდუ ზივზივაძე, 5-დან ყველა პასი ზუსტად შეასრულა, თუმცა ცხადია რომ ვილი სანიოლმა მას საკმაოდ მცირე სათამაშო დრო მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები