ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები | მამარდა ტოპ 11-შია
სტატისტიკურმა სააგენტომ, Whoscored-მა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელიც მოხვდა და Whoscored-მა გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.
„ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტის, საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული ბრწყინვალე ტურნირის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ჩვენს სიმბოლურ გუნდში მეკარის პოზიციას იკავებს. 23 წლის ფეხბურთელის მიერ, ჩეხეთთან ნაჩვენები საუცხოო თამაში, Whoscored-მა 9.25 ქულით შეაფასა, რაც ამ ევროზე მეორე საუკეთესო შეფასება იყო“, - წერს სტატისტიკური სააგენტო.
საინტერესოა, რომ მამარდაშვილის გარდა, Whoscored-ის სიმბოლურ ნაკრებში იოზუა კიმიხი, იაკა ბიოლი, პეპე, ნუნუ მენდეში, ლამინ იამალი, ფაბიან რუისი, დანი ოლმო, ჯამალ მუსიალა, ნიკო უილიამსი და კოდი გაკპო მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტი სეივით დაასრულა. „მამარდამ“ 29 ბურთი მოიგერია და მეორე ადგილზე გასულ ბერტ ვერბრუგენს 11 სეივით გაუსწრო.