„დაწერილი იყო, რომ ასე უნდა მომხდარიყო“ | რა თქვა დი მარიამ კოპას ფინალის შემდეგ
ანხელ დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 36 წლის ფეხბურთელმა, არგენტინის ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრა კოლუმბიასთან გამართა და „ალბისელესტეს“ ტრიუმფით ემშვიდობება. დი მარიას გუნდი წლევანდელი კოპა ამერიკის ჩემპიონი გახდა და „ლოს კაფეტეროსი“ დამატებით დროში, ლაუტარი მარტინესის გოლით დაამარცხა - 1:0.
მატჩის შემდეგ, დი მარიამ კოლუმბიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და გულშემატკივრებს საკუთარი ემოციები გაუზიარა: „დაწერილი იყო, რომ ასე უნდა მომხდარიყო. ბიჭებს ვუთხარი კიდეც. ამაზე ვოცნებობდი. ჩემთვის ბოლო კოპა ამერიკა იყო და ვოცნებობდი, სანაკრებო კარიერა ასეთი ტრიუმფით დამესრულებინა.
უამრავ შესანიშნავ ემოციას ვგრძნობ. სამუდამოდ მადლიერი ვიქნები არგენტინის ნაკრების ამ თაობის, რომელიც ოცნების ახდენასა და მიზნების მიღწევაში დამეხმარა. შეიძლება იოლი ჩანს, მაგრამ რეალურად, ძალიან ძნელია. 10-11 წლის განმავლობაში, მეორე მხარეს ვიყავი და მარტივი არაა, ფინალში გახვიდე და ტურნირი მოიგო.
ძალიან ბედნიერი ვარ, ლიონელ მესის ასეთ მდგომარეობაში რომ ვტოვებ. როგორც იქნა, დღეს, მას სიხარული მივანიჭეთ და საოცარი საღამო იყო“.
ცნობისთვის, არგენტინის ნაკრებში, დი მარია კოპა ამერიკის 2-გზის გამარჯვებული გახდა და ტიტულს 2021 და 2024 წლებში დაეუფლა. 2022 წელს, მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მოგვიანებით კი ფინალისიმას ტრიუმფატორი გახდა.