შეუძლებელია უფრო ბედნიერი იყო - ესპანელთა ემოციები გამარჯვების შემდეგ
ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა დრამატულ შეხვედრაში ინგლისი 2:1 დაამარცხა. „ფურია როხა’’ ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა (1964, 2008, 2012, 2024), რაც ევროპულ ნაკრებებს შორის საუკეთესო შედეგია.
გთავაზობთ „ფურია როხას'' მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს, როდრისა და იამალის კომენტარებს.
ლუის დე ლა ფუენტე: „შეუძლებელია უფრო ბედნიერი იყო, ჩვენ ვართ ნამდვილი გუნდი, ევროპის ჩემპიონი ნაკრები. თითოეული ჩავლილი დღე უფრო და უფრო ამაყს მხდიდა. მადლობა მხარდაჭერისთვის მთელ ესპანეთს’’.
როდრი: „რა დღეა! ალბათ, საუკეთესო ჩემს კარიერაში. ჩვენ ვართ ოჯახი, ახლა ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები ევროპაში. ჩვენ დავწერეთ ისტორია, ერთ ტურნირზე ოთხი მსოფლიოს ჩემპიონი დავამარცხეთ. ეს ჩვენი გუნდის მენტალიტეტია. ლუის დე ლა ფუენტემ ეს წარმატება დაიმსახურა. ხალხს ვთხოვ ხვალ ქუჩებში გამოვიდნენ და იამაყონ’’.
ევრო 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელად როდრი დასახელდა, რომელმაც ფინალში მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, ტრავმის გამო შეცვალეს. ევრო 2024-ზე როდრიმ 521 წუთი ითამაშა, მის აქტივში 1 გოლია. 439-დან 411 პასი ზუსტად შეასრულა (93-პროცენტიანი სიზუსტე).
ლამინე იამალი: „ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ოცნებაა. მოუთმენლად ველი ესპანეთში დაბრუნებას და ზეიმს ქომაგებთან ერთად. ეს ჩემი საუკეთესო დაბადების დღეა. როცა ინგლისმა გაათანაბრა, რთული იყო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია თამაშში დაბრუნება’’.
გარეტ საუთგეიტის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, თუმცა ორივე ფინალში დამარცხდა.
საუთგეიტი: „ესპანეთი ტურნირის საუკეთესო გუნდი იყო. ბურთს საკმარისად ხშირად ვერ ვინარჩუნებდით, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე თამაშში დავრჩით. მარცხი ძალიან სამწუხაროა. ფეხბურთელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. ამაყი ვარ იმით, რაც მათ გააკეთეს. პალმერის გოლის შემდეგ კარგი მომენტუმი გვქონდა. მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ანგარიშის გათანაბრების შემთხვევაში მოვიგებდით’’.