ოქროს ბუცი მიქაუტაძეს - ქართველი ფეხბურთელის უდიდესი მიღწევა
ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა დრამატულ შეხვედრაში ინგლისი 2:1 დაამარცხა. „ფურია როხა’’ ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა (1964, 2008, 2012, 2024), რაც ევროპულ ნაკრებებს შორის საუკეთესო შედეგია.
სასიხარულოა, რომ გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და ოქროს ბუცი მოიგო, ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.
UEFA-ს გადაწყვეტილებით ევრო 2024-ის ოქროს ბუცს თანაბარი გოლების რაოდენობის შემთხვევაში ყველა მოთამაშე მიიღებდა. ოქროს ბუცის მფლობელები შემდეგი მოთამაშეები გახდნენ: კოდი გაკპო, ჰარი კეინი, გიორგი მიქაუტაძე, ჯამალ მუსიალა, დანი ოლმო, ივან შრანცი.
აქამდე ცნობილი იყო, რომ თანაბარი გოლების შემთხვევაში მნიშვნელობა საგოლე პასებს მიენიჭებოდა, თუმცა UEFA-ს ახალი წესის მიხედვით საგოლე გადაცემებს მნიშვნელობა აღარ აქვს. გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გაიტანა. მან თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეუგდო.