ჰარი კეინი, ლუის დე ლა ფუენტე, ლამინე იამალი, კოულ პალმერი, მიკელ ოიარსაბალი
Aa
Aa

დრამატიზმი და ესპანელთა ტრიუმფი - ფურია როხა ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა დრამატულ შეხვედრაში ინგლისი 2:1 დაამარცხა. „ფურია როხა’’ ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა (1964, 2008, 2012, 2024), რაც ევროპულ ნაკრებებს შორის საუკეთესო შედეგია.

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, თუმცა ორივე ფინალში დამარცხდა.

47-ე წუთზე იამალის საგოლე პასით ნიკო უილიამსმა გაიტანა. 73-ე წუთზე პალმერმა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა, ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე ესპანეთმა გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო, კუკურელიას პასით ცვლილებაზე გამოსულმა ოიარსაბალმა გაიტანა.

ესპანელთა გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ევრო 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელად როდრი დასახელდა, რომელმაც ფინალში მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა,  ტრავმის გამო შეცვალეს. ევრო 2024-ზე როდრიმ 521 წუთი ითამაშა, მის აქტივში 1 გოლია. 439-დან 411 პასი ზუსტად შეასრულა (93-პროცენტიანი სიზუსტე).

ლუის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით ესპანეთის 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებები ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ახლა კი მისი მწვრთნელობისას ესპანეთი გახდა ევროპის ჩემპიონი.

ლამინე იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დიდი სანაკრებო ტურნირის ფინალში უთამაშია (17 წლისა და 1 დღის ასაკში). მან პელეს რეკორდი დაამხო, ბრაზილიელი 1958 წლის მუნდიალის ფინალში შვედეთთან 17 წლის და 249 დღის იყო.

ლამინე ევრო 2024-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. მის აქტივში 1 გოლი და 4 საგოლე პასი იყო.

ევრო 2000-ის შემდეგ კოულ პალმერი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ცვლილებაზე გამოვიდა და გოლი გაიტანა. ევრო 2000-ზე ეს სილვან ვილტორდმა შეძლო.

ესპანეთი ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა, რაც როგორც გითხარით რეკორდია. ესპანელებმა გერმანელებს გაუსწრეს, გერმანიამ ევროპის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

ჰარი კეინი კვლავ უტიტულოდ დარჩა, მას საკლუბო და სანაკრებო დონეზე ტიტული არასდროს მოუგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები