მისი მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა - გიონი დავითაშვილზე
„ბორდოს’’ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა. მისი აზრით, ზურიკოს ყველაზე მეტად განვითარება სტაბილურობის მხრივ სჭირდება, რადგან ზოგჯერ 2-3 კარგი მატჩის შემდეგ მისი გავლენა თამაშზე მკვეთრად მცირდება.
დავიდ გიონი: „ძალიან კარგი ბიჭია, ყოველთვის მხიარულია. ჭკვიანია, სწრაფად აზროვნებს.
მას აქვს ხასიათი და აჩვენებს, რომ ბურთი უნდა, ეს ძალიან საინტერესოა მწვრთნელისთვის. მას შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, ბურთს ითხოვს და არ იმალება.
ლიგა 1-ში ზურიკო ბურთით ყოფნისას უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს, რადგან ელიტარულ ლიგაში ბურთის დაბრუნება უფრო რთულია და უფრო მეტი შანსია, რომ მეტოქემ დაგსაჯოს. კონცენტრაციისა და მენტალური სიძლიერის მხრივ უნდა განვითარდეს.
შესაძლოა, ზურიკო შედეგიანობის/ეფექტიანობის მხრივ უნდა განვითარდეს, მაგრამ მთავარი სტაბილურობის შენარჩუნებაა. შეუძლია 2 ან 3 თამაში კარგად ჩაატაროს, მაგრამ შესაძლოა შემდეგი შეხვედრა ჩააგდოს, არ ჩანდეს. ამ მხრივ უნდა განვითარდეს, უფრო მეტი სტაბილურობაა საჭირო.
ლიგა 1 უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, უფრო მეტად ინტენსიური თამაშებია, მან სტაბილურობაზე უნდა იმუშავოს. მშრომელია, ტრავმას არასდროს იღებს, ფეხბურთი უყვარს და ყურადღებით გისმენს.
მას კიდევ 3-4 წელი აქვს, რომ განვითარდეს და ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდეს. ვფიქრობ, „სენტ-ეტიენი’’ 2-3 წელიწადში მის სარფიანად გაყიდვას შეეცდება’’.
დავიდ გიონის ხელმძღვანელობით ზურიკომ „ბორდოში’’ 42 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.