რუნი: “იამალი ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს“
ევრო 2024-ის მოახლოებულ ფინალთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ყოფილმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ დააფიქსირა.
რუნი:
„ინგლისს ფინალში ფლანგებზე ძლიერი დაცვა სჭირდება, რადგან ესპანეთს ორი ბრწყინვალე სწრაფი გარემარბი ჰყავს. ისინი მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ. ლამინ იამალი საოცრად თავდაჯერებული იქნება საფრანგეთთან გატანილი გოლის შემდეგ. ის ჩემს თავს მახსენებს იმის შესახებ, თუ როგორი ვიყავი 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე. მოზარდი, რომელსაც არაფრის ეშინოდა.
შიში? ლამინ იამალს ან მაინოს არ უცხოვრიათ იმდენი ხანი, რომ გაიგონ რა არის ეს გრძნობა. ამ ევროპის ჩემპიონატის დიდ სცენაზე ისინი უბრალოდ თამაშობენ, ერთობიან და სიამოვნებას იღებენ. ეს არის თამაშს საუკეთესო საშუალება.
ჩემთვის ნიკო უილიამსი განსაკუთრებულია. ის კრიშტიანუ რონალდუს ახალგაზრდობას მახსენებს. ის დიდი ბიჭია, რომელიც იღებს ბურთს და ხანდახან ძალიან ბევრს ცდილობს, მაგრამ ხშირად სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ერთი ერთზე სახიფათოა და ინგლისელები ფრთხილად უნდა იყვნენ.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და ინგლისის ფინალური დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.