40 მილიონი მამარდას სანაცვლოდ - AS-ი პიტერ ლიმის მოთხოვნაზე
მადრიდული AS-ის ცნობით, „ვალენსიას’’ ჯერ გიორგი მამარდაშვილის გაყიდვის თაობაზე წინადადება არ მიუღია. „ვალენსიას’’ მფობელი პიტერ ლიმი 40-მილიონიან წინადადებას ელის. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ თავად პიტერ ლიმი ქართველი გაყიდვას აქტიურად არ ცდილობს, ამ საკითხთან დაკავშირებით მოუქნელია.
AS: „ევრო 2024-დან საქართველოს ნაკრების გამოთიშვის შემდეგ მამარდაშვილი ისვენებს. ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს „ვალენსიაში’’ დაიწყებს, გუნდს 28 ივლისს შეუერთდება. საერთო ჯამში, მას შემდეგ რაც ესპანეთმა საქართველოს მოუგო, მამარდაშვილის დასვენება 4-კვირიანი იქნება.
რუბენ ბარახა მას გაშლილი ხელებით ელოდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიამ’’ უკვე დაიმატა კიდევ ერთი მაღალი დონის მეკარე სტოლე დიმიტრიევსკის სახით.
გასული წლების მსგავსად „ვალენსია’’ არც ახლა ჩქარობს მამარდაშვილის გაყიდვას. ქართველი მეკარის გაყიდვასთან დაკავშირებით პიტერ ლიმი მოუქნელია. თუ რომელიმე კლუბი დაახლოებით 40 მილიონს არ გადაიხდის, ტრანსფერი არ შედგება''.
გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან'' კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 23 წლის მეკარემ, რომელიც „ღამურებში'' 2021 წლიდან თამაშობს, ყველა ტურნირის ჩათვლით „ვალენსიაში'' 100 მატჩი ჩაატარა, 100-დან 31-ში გოლი არ გაუშვა.
ევრო 2024-ზე გიორგი მამარდაშვილმა შთამბეჭდავად ითამაშა, საქართველოს ნაკრების 1/8-ფინალში გასვლაში მისი როლი უდიდესია. ევროპის ჩემპიონატზე 30 „სეივი’’ შეასრულა. ერთ ევროპის ჩემპიონატზე მასზე მეტი „სეივი’’ მხოლოდ იგორ აკინფეევის აქტივშია (32 „სეივი’’, ევრო 2008). მამარდა ფრანჩესკო ტოლდოს გაუთანაბრდა, იტალიელი ევრო 2000-ზე 30 „სეივით’’ დაეხმარა გუნდს. ასევე, ქართველმა მეკარემ პიტერ შმეიხელსა (27 „სეივი’’, 1992) და ლუის არკონადას (24 „სეივი’’, 1984) აჯობა. აღნიშნული სტატისტიკა ევრო 1980-დან მოყოლებული ყველა ევროპის ჩემპიონატს მოიცავს.
ასევე გეტყვით რომ მამარდა ჩეხეთთან (1:1) მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მის აქტივში 11 „სეივი'' იყო. ეს, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, მეორე საუკეთესო შედეგია. მეკარე, ვისაც ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი სეივი შეუსრულებია, ალექსანდრს კოლინკო გახლავთ (12 სეივი 2004 წელს), მეორე ადგილს ფრანჩესკო ტოლდო, შეი გივენი და გიორგი მამარდაშვილი იყოფენ.