“გულდაწყვეტილები ვართ“ - ანტმანის და პასიკაშვილის კომენტარები
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეხუთე მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ გამართა. ჯგუფის ლიდერთან ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მატჩს შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ირის ანტმანმა და კაპიტანმა ნინო პასიკაშვილმა კომენტარები გააკეთეს.
ანტმანი:
„კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ბოლო წუთებზე ორი გოლი გავუშვით. გულდაწყვეტილები ვართ, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წუთებამდე თამაშში ვიყავით. გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი. ვფიქრობ, ბელარუსზე მეტიც. გოგონებმა ტაქტიკურად ძალიან კარგად ითამაშებს. ასეთი მატჩები განვითარების ნაწილი და ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას.
ლიეტუვაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გოგონები მზად არიან ამისთვის. საოცრად მებრძოლი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ყოველთვის განვითარებაზე ფიქრობენ, რაც თამაშიდან თამაშამდე ჩანს. სწორედ ამიტომ, ისინი იმსახურებენ გამარჯვებას.
მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ისინი ძალიან ეხმარებიან გუნდს. მათთვის ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით."
პასიკაშვილი:
„დღევანდელი შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ ვართ. მეტის გაკეთება გვსურდა და თამაშის სცენარიდან გამომდინარე ასეთ დასასრულს ვერ წარმოვიდგენდით. სამწუხაროდ, დაცვაში შეცდომები დავუშვით, რაც შედეგზე აისახა. თუმცა, ამით არაფერი სრულდება. ლიეტუვაში სამი ქულისთვის ჩავდივართ, რადგან ჯგუფიდან გასვლას ვგეგმავთ".
ცნობისთვის, 5 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ლიეტუვის მსგავსად 7 ქულა აქვს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 16 ივლისს, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტის, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. მეხუთე ტურის მატჩში ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქემ კვიპროსს 2:1 სძლია.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ეტაპზე, პლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში პირველ და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.