მარცხი ბოლო წუთებზე | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბელარუსთან წააგო
საქართველოს ქალთა ეროვნულმა გუნდმა მატჩი ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ჯგუფის ლიდერთან კარგი თამაშის მიუხედავად, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით 0:2 დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩი, რომელი „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩატარდა, ირის ანტმანის გუნდმა პირველი ტაიმი უგოლოდ დაასრულა. ჩვენი ნაკრები მეორე ტაიმშიც გამოცდილ მეტოქეს ღირსეულად ეთამაშებოდა და ქულის მოპოვება შეეძლო.
სამწუხაროდ, ვითარება მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შეიცვალა. ბელარუსის ნაკრების მოთამაშე კარინა ალხოვიკმა ბურთი ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, მოულოდნელად კარში დაარტყა და მეკარე თათია გაბუნიამ რეაგირება ვერ მოახერხა.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო ძალებით შეუტია, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და მეორე გოლიც გაუშვა – კონტრშეტევაზე, 90+2-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ვიკტორია ვალიუკმა დააფიქსირა.
ჩვენმა გუნდმა შესარჩევ ციკლში 7 ქულა დააგროვა, რაც ქალთა ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია და ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-2 ადგილზეა. ირის ანტმანის გუნდი შემდეგ შეხვედრას 16 ივლისს, დრუსკინინკაიში უშუალო კონკურენტ ლიეტუვასთან გამართავს.
წყარო: 1tv.ge