უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ფიჯისთან მატჩისთვის
უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ მატჩს 14 ივლისს, ფიჯის წინააღმდეგ გამართავენ.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ინგლისს სამხრეთ აფრიკა 8 და მეტი ქულის სხვაობით რომ დაემარცხებინა, საქართველო მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალში გავიდოდა. მაგრამ თამაში 17:12 დასრულდა და სამხრეთ აფრიკამ ნუგეშ-ქულა მიიღო, რამაც უმცროსი ბორჯღალოსნები მესამე მესამეადგილოსნად აქცია და შედეგად, ლადო კილასონიას შეგირდები მე-9-მე-12 ადგილების ნახევარფინალში მოხვდნენ.
იქ ჩვენი მეტოქე ფიჯი იქნება, რომელსაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ 12 გუნდს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს: კუნძულელებმა სამივე თამაში დათმეს – სამხრეთ აფრიკასთან 7:57, ინგლისთან 11:48 და არგენტინასთან 12:52.
საქართველომ პირველი შეხვედრა ავსტრალიასთან 11:35 დათმო, ირლანდიასთან მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა (16:22), ხოლო იტალიას 28:17 მოუგო.
იტალიასთან თამაშის შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ტრავმა მოიშუშა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველად ითამაშებს მესამეხაზელი გიორგი გერგედავა. სხვა მხრივ იტალიასთან მოგების შემდეგ შერკინებაში ცვლილებები არაა: პირველ ხაზში თამაშს ლუკა უნგიაძე, მიხეილ ხახუბია და დავით მჭედლიძე იწყებენ, მეორეში დავით ლაგვილავა და თემურ წულუკიძე, ხოლო მესამეში ანდრო დვალი და ნიკა ლომიძე.
ერთი ცვლილებაა ხაზშიც. ოთარ მეტრეველმა ფრთიდან ფულბეკად გადაინაცვლა, ფრთაზე კი მარქაფადან ტარიელ ბურთიკაშვილი დაწინაურდა. მეორე ფრთა კვლავ ლუკა კეშელავაა, ცენტრში გიორგი ხაინდრავა და ლუკა კობაური შეწყვილდებიან, ღერძზე კი ალექსანდრე ჯიღაურსა და ლუკა ცირეკიძეს ვიხილავთ.
წინა თამაშის შემდეგ სულ ორი ცვლილებაა მარქაფაშიც – მესამე ხაზში ლუკა სულუაშვილი, ხოლო ხაზში გელა ხელაძე ითამაშებს. სხვა მხრივ პირველ ხაზში შეცვლაზე შევლენ თამაზ ჭამიაშვილი, ლუკა კოტორაშვილი და დავით ქუნთელია, მეორეში მურთაზ ცხადაძე, 9 ნომერზე მიხეილ ყაჩლავაშვილი და ხაზში ნუგზარ ქევხიშვილი.
მე-9-მე-12 ადგილების მეორე ნახევარფინალში იტალია ესპანეთს ეთამაშება.
წყარო: rugby.ge