„რთული ოპერაცია, ვალენსიას პოზიცია მკაფიოა“ | რას წერს Marca მამარდას მომავალზე
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ „ვალენსიას“ სატრანსფერო პოლიტიკაზე დაწერა და გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაცია მოგვაწოდა. „ღამურებს“ გადაწყვეტილი აქვთ, რომ „მამარდა“ ამ ზაფხულს გაუშვან, მაგრამ დამაკმაყოფილებელი წინადადება ჯერ არ მიუღიათ.
„ვალენსია სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს. ღამურებმა სტოლე დიმიტრიევსკი და რაფა მირი გაიფორმეს, ახლა კი ალავესის ნახევარმცველის, ლუის რიოხას გადაყვანა უნდათ. კლუბის პრეზიდენტი, პიტერ ლიმი ცდილობს, ტრანსფერის დახურვა გააჭიანუროს, რადგან ფეხბურთელთა გაყიდვით მიღებული თანხა სჭირდება.
მთავარი შეკითხვა ისაა, გუნდს ვინ დატოვებს და ხელმძღვანელთა მოთხოვნებს ვინ დააკმაყოფილებს. ვალენსიამ არჩევანი გააკეთა და ღამურების პოზიცია აშკარაა: გიორგი მამარდაშვილი არის ფეხბურთელი, ვისი გაყიდვითაც ფინანსური ანგარიშები უნდა დაბალანსდეს.
ქართველი მეკარის წარმომადგენლებს რამდენიმე თვეა, სხვა კლუბებთან კონტაქტი აქვთ, რათა გაიგონ, რთული ოპერაცია რამდენად განხორციელებადია, რადგან ტრანსფერის ფასი 35/40 მილიონი ევროა. ამ მომენტისთვის არაფერი შეცვლილა და Marca-ს მიხედვით, გარიგების დახურვა ძალიან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მამარდასთან მიმართებით, სატრანსფერო ბაზარზე ძვრები დაიწყო, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება, ადგილი ჯერ არ ჰქონია“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს, მამარდაშვილი „ნიუკასლს“, „ჩელსის“, „ატლეტიკოს“, „ბაიერნსა“ და „ლივერპულს“ დაუკავშირეს.