2 ქართველი კრემონეზეს პირველ გუნდში - სტროპამ სიაში ლორდქიფანიძეც შეიყვანა
იტალიური „კრემონეზეს'' მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ პირველ გუნდში 19 წლის ქართველი ნახევარმცველი დაჩი ლორდქიფანიძე დააწინაურა. გასულ წლებში დაჩი „კრემონეზეს'' ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა და პირველ გუნდთან ერთად შეკრებას პირველად გაივლის. მასთან ერთად შეკრებაზე „კრემონეზეს'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი იქნება, რომელიც 2022 წლის ზაფხულიდან იტალიურ კლუბში თამაშობს.
„კრემონეზე'' შეკრება დღეს, 12 ივლისს დაიწყება. დაჩის ცენტრალური ნახევარმცველის გარდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში. სტროპას მიერ დასახელებულ 33-კაციან სიაში დაჩი მცველებშია მოხსენიებული.
CrystalSport-ის ცნობით, ლორდქიფანიძე „კრემოენზესთან'' პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. თუ მხარეები შეთანხმებიან, დიდი ალბათობით დაჩის შემდეგ სეზონში სერია ბ-ს შეხვედრებში ვიხილავთ. ასევე მნიშვნელოვანია როგორ გამოიჩენს თავს მოახლოებულ შეკრებაზე.
გასულ სეზონში „კრემონეზე'' სერია A-ში აღზევებისთვის იბრძოდა, თუმცა ამ მიზანს ვერ მიაღწია.
გასულ სეზონში იტალიის პრიმავერა 2-ის 19-წლამდე ჩემპიონატის A ჯგუფი „კრემონეზემ’’ მოიგო, რომელსაც დაჩი კაპიტნობდა. ქართველმა ფეხბურთელმა პრიმავერა 2-ის 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.
დაჩის საქართველოს 16, 17, 17, 19 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.