ზორან ჯურასკოვიჩი
Aa
Aa

მოვუგეთ გუნდს, რომელსაც შესაძლოა ჩვენზე 50-ჯერ დიდი ბიუჯეტი აქვს - მორნარის მწვრთნელი

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს კლუბმა „მორნარმა’’ შინ თბილისის „დინამო’’ 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „მორნარის’’ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ჯურასკოვიჩმა მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის „დინამოს'' გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვს, შესაძლოა 50-ჯერ დიდი. ჯურასკოვიჩის სიტყვები უცნაური და მოულოდნელია განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ „დინამოს'' ფინანსურად საუკეთესო პერიოდი არ აქვს.

„მზადების პროცესში ვართ და ეს თამაშში გამოჩნდა, მაგრამ ჩვენ ბრწყინვალედ ვაჩვენეთ მონტენეგრული ფეხბურთის სახე ქართული ფეხბურთის გიგანტთან, რომელსაც ჩვენზე გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვს, შესაძლოა 50-ჯერ მეტი.

ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, იმ დამოკიდებულებითა და თამაშით, რაც ჩვენ ვაჩვენეთ. 2:0 რომ დასრულებულიყო, მეორე მატჩის წინ დიდი იმედი მექნებოდა, თუმცა იმედი მაინც მაქვს საპასუხო თამაშის წინ’’.

მთავარი მწვრთნელის აზრით პირველ ტაიმში „მორნარმა’’ ძალიან კარგად ითამაშა.

„ჩვენ ნამდვილი ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორც გასულ სეზონში. იმედი მაქვს საპასუხო მატჩშიც ასე იქნება. მსურს, თამაშით ვისიამოვნოთ’’.

საპასუხო მატჩი 18 ივლისს თბილისში, „მიხეილ მესხზე'' გაიმართება.

„მორნარი'' 1923 წელს დაარსდა და ევროტურნირზე თამაშის უფლება პირველად გასულ სეზონში მოიპოვა, როცა მონტენეგროს ელიტარულ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები