HITC: სიტის, არსენალსა და ლივერპულს ხვიჩას შეძენა სურთ
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა გრძელდება. ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ დღემდე ვერ უთანხმდება. საქმე ეხება ფინანსურ მხარეს.
ასევე ცნობილია, რომ კვარას მსურველებიც ბლომად ჰყავს. პსჟ-ს შესახებ ყველამ კარგად იცის. პარიზელები ოსიმენისა და ხვიჩას დუეტში 200 მილიონს იხდიან, მაგრამ დე ლაურენტისი უარზეა. ამჯერად ქართველისთვის ბრძოლაში 3 პრემიერლიგური კლუბი გამოჩნდა.
HITC-ის ცნობით, პრემიერლიგიდან კვარაცხელიას მიმართ დიდი ინტერესია. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ „ლივერპულს“, „არსენალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ქართველის გაფორმება სურთ.
წყარო წერს, რომ „პარტენოპეიმ“ ფასი გაზარდა, რადგან ქართველის გაშვებას არ გეგმავენ და ამით მსურველი კლუბების დაფრთხობა სურთ.
ცნობილია, რომ თავად ხვიჩას გუნდის შეცვლა სურს და მზადაა „ნაპოლი“ დატოვოს, მაგრამ ამის საშუალებას არ ეძლევა. ახალ კონტრაქტზე კი შეთანხმება ვერ ხერხდება, რადგან მამუკა ჯუღელი წლიურად 7 მილიონ ევროს ითხოვს, კლუბი კი მხოლოდ 5.5-ის გადასახდელად არის მზად.
აქვე გეტყვით, რომ კვარა „ნაპოლის“ წინასასეზონო მზადების პროცესს 25 ივლისს უნდა შეუერთდეს.