„ალენი გაიმარჯვებს“ | ლეონ ედვარდსი ჭიკაძის მარცხს ვარაუდობს
UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ლეონ ედვარდსმა UFC 304-ზე ისაუბრა. UFC 304-ზე, რომელიც ივლისის ბოლოს გაიმართება, გიგა ჭიკაძის ჩხუბს ვიხილავთ. „ნინძა“ არნოლდ ალენს დაუპირისპირდება და ედვარდსმა, ამ ბრძოლაზე პროგნოზი გააკეთა.
„არნოლდ ალენი გაიმარჯვებს. ალენი ჩემი სპარინგ-პარტნიორია და ვიცი, როგორ თავდაუზოგავად მუშაობს. ვიცი, რამდენად კარგი მებრძოლია და მოსამზადებელი კემპისას, შესანიშნავად გამოიყურება. ასე რომ, მის მოგებას ვვარაუდობ“.
ცნობისთვის, UFC 304-ს მანჩესტერი უმასპინძლებს. ალენი ინგლისელი მებრძოლია და „ნინძას“ საკუთარ კედლებში შეხვდება. 30 წლის მებრძოლს კარიერაში 22 ჩხუბი აქვს გამართული და 19-ჯერ იმარჯვა, თუმცა, ზედიზედ ორი წაგება აქვს - მაქს ჰოლოუეისთან და მოვსარ ევლოევთან.
გეტყვით იმასაც, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „ნინძა“ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 პოზიციას იკავებს, ალენი კი მე-6 ადგილზეა.