სატრანსფერო სიის სათავეში მოექცა | რომა მიქაუტაძისთვის წინადადებას ამზადებს
Corriere dello Sport-ის დღევანდელ ნომერში, „რომას“ სატრანსფერო გეგმებია განხილული და გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. „ჯალოროსიმ“ ცენტრალური თავდამსხმელის დამატება გადაწყვიტა და ქართველი ფეხბურთელი მათი სიის სათავეში მოექცა.
„რომას“ იუსეფ ენ-ნესირის გადაბირება უნდოდა, მაგრამ 27 წლის მაროკოელით „ფენერბაჰჩეა“ დაინტერესებული და ენ-ნესირის სარფიანი წინადადებით მიმართა, რის გამოც, „ჯალოროსიმ“ უკან დაიხია. Corriere dello Sport-ის ცნობით, დედაქალაქელებმა მთელი აქცენტი მიქაუტაძეზე გადაიტანეს და „მეცის“ დაყოლიებას“ შეეცდებიან.
„რომამ“ პირველი შეთავაზებაც მოამზადა, რომელსაც ფრანგულ კლუბს მალე წარუდგენს. ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი სატრანსფერო ფასია. როგორც იტალიური გამოცემა აცხადებს, „ჯალოროსი“ აუქციონში ჩართვას არ აპირებს და უარის შემთხვევაში, მოლაპარაკებების მაგიდას დატოვებს.
ცნობისთვის, იტალიელი ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ უახლოეს პერიოდში, „რომადან“ ტამი აბრაჰამი წავა, რის შემდეგაც გუნდისთვის ცენტრალური თავდამსხმელის დამატება აუცილებელი გახდება. აბრაჰამი პრემიერ ლიგის წარმომადგენლების რადარზეა და მას „ვესტ ჰემსა“ და „ასტონ ვილას“ უკავშირებენ.