ჩხუბი ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის | კოლუმბიამ ურუგვაი დაამარცხა და ფინალშია
2024 წლის კოპა ამერიკის მეორე ფინალისტი კოლუმბიის ეროვნული ნაკრებია. ნახევარფინალში, „ლოს კაფეტეროსი“ ურუგვაის დაუპირისპირდა და „ლა სელესტე“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გავიდა. ხამეს როდრიგესის პასით ჯეფერსონ ლერმამ ისარგებლა და კოლუმბია დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს, „ლოს კაფეტეროსი“ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. დანიელ მუნიოსმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. ურუგვაის რამდენიმე მომენტი შეექმნა, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრა და მესამე ადგილისთვის კანადას შეხვდება.
კოლუმბიის ნაკრების გამარჯვება მატჩის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გადაფარა. საფინალო სასტვენის შემდეგ, მოედნის ცენტრში, ფეხბურთელებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, მოგვიანებით კი ურუგვაის ნაკრების მოთამაშეებმა კოლუმბიელ გულშემატკივრებთან იჩხუბეს.
დარვინ ნუნიესი ერთ-ერთი იყო, ვინც ქომაგებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათგან დარტყმებიც მიიღო. ურუგვაის ნაკრების კაპიტნის, ხოსე ხიმენესის თქმით, კოლუმბიელებმა „ლა სელესტეს“ ფეხბურთელების ოჯახის წევრებზე გაიწიეს და მათ უბრალოდ თავიანთი საყვარელი ადამიანების დაცვა სცადეს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებების ფინალური მატჩი თბილისის დროით, 15 ივლისს, 04:00-ზე დაიწყება.