ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი: კაშიას სლოვანმა პირველი მატჩი მოიგო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩრდილო მაკედონიურ „სტრუგას“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა ტაიმი დამაჯერებლად 2:0 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს. ბოლო 5 წუთში შეხვედრის გმირი იურაი კუცკა გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება გურამ კაშიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტოში იმყოფებოდა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კაშიას ფაქტობრივად არც დაუსვენია და პირდაპირ კლუბს შეუერთდა.
აქვე გეტყვით, რომ განმეორებითი მატჩი ზუსტად ერთ კვირაში ჩრდილო მაკედონიაში გაიმართება.