ბოლო საათებში რომა გააქტიურდა | მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ორი ფავორიტია
გიორგი მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ორი ფავორიტი გამოიკვეთა. ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე უცხოურ კლუბს უკავშირებდნენ და ფრანგული და იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, წამყვანი პოზიციები „რომასა“ და „მონაკოს“ უკავიათ.
Le10Sport-ის ცნობით, „მეცმა“ საუკეთესო წინადადება „ვესტ ჰემისგან“ მიიღო, რომელიც 20 მილიონი ევროს ოდენობის იყო, მაგრამ მიქაუტაძემ „ჩაქუჩების“ რიგებში გადასვლაზე უარი თქვა. 23 წლის თავდამსხმელის პრიორიტეტი ევროტურნირებზე თამაშია და ლონდონური კლუბის ვარიანტი სწორედ ამიტომ გამორიცხა.
იტალიური La Repubblica-ს მიხედვით, ბოლო საათების განმავლობაში, „რომა“ ძალიან გააქტიურდა. „ჯალოროსის“ ხელმძღვანელებს მიქაუტაძის საფეხბურთო პროფილი მოსწონთ და გარიგების დახურვაზე მუშაობენ, მაგრამ ამ წუთისთვის, მთავარი ფავორიტი კვლავინდებურად „მონაკოა“.
Le10Sport-ი სავარაუდო სატრანსფერო თანხასაც ასახელებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, „მეცმა“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მიიღოს. ფრანგული გამოცემა დასძენს, რომ გიორგის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ არჩევანს „მონაკოსა“ და „რომას“ შორის გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, „მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარდ სერინმა დაადასტურა, რომ მიქაუტაძის გადაბირებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.