2012 წლის შემდეგ პირველად - ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
ევრო 2024-ის ½-ფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს, სადაც ნიდერლანდები-ინგლისის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეხუთედ ითამაშებს. „ფურია როხამ'' გასული 4-დან 3 ფინალი მოიგო (1964, 2008, 2012) და მხოლოდ ერთი დათმო (1984).
ანგარიში მე-9 წუთზე დიდიე დეშამის გუნდმა გახსნა, მბაპეს ჩაწოდების შემდეგ კოლო მუანიმ თავით შეაგდო, ესპანელთა დაცვის ხაზი ჩავარდა.
21-ე წუთზე ლამინე იამალმა საოცარი დარტყმით გაიტანა, მან გოლი 16 წლისა და 362 დღის ასაკში შეაგდო. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანია: ლეგენდარული პელეს, მექსიკელი მანუელ როსასისა და გავის რეკორდი მოხსნა.
25-ე წუთზე ესპანეთმა თამაში შემოატრიალა, დანი ოლმოს დარტყმისას ბურთი კუნდეს მოხვდა, თუმცა კუნდეს გარეშეც გოლი გარდაუვალი იყო და ავტოგოლი არ დაფიქსირდა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დანი ოლმომ 3 გოლი შეაგდო, გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა, თუმცა მიქაუტაძისგან განსხვავებით 2 საგოლე პასი შეასრულა, მიქაუტაძის აქტივში 1 საგოლე გადაცემაა. საგოლე პასების რაოდენობა ოლმოს ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე აყენებს. ქართველი თავდამსხმელი ამ ბრძოლას გამოეთიშა.
დანი ოლმო პირველი ესპანელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ სამ თამაშში გაიტანა.
ფეხბურთელებს შორის ხესუს ნავასი ყველაზე ასაკოვანია (38 წლისა და 231 დღის), ვისაც ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში უთამაშია. ხესუსმა გერმანელი ფრიც ვალტერისა (37 წლისა და 236 დღის) და შვედი გუნარ გრენის (37 წლისა და 236 დღის) რეკორდი მოხსნა, ვალტერმა და გრინმა 1958 წლის მუნდიალის ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს.
ევრო 2024-ის მეორე ნახევარფინალში ნიდერლანდები - ინგლისის მატჩი 10 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.