დანილ მედვედევი, იანიკ სინერი
Aa
Aa

უიმბლდონი: 5-სეტიანი დრამა, მედვედევმა სინერს მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა

უიმბლდონის მეოთხედფინალში დიდებული დაპირისპირება გაიმართა. ერთმანეთს იანიკ სინერი და დანილ მედვედევი შეხვდნენ. 5-სეტიან ბრძოლაში გამარჯვება რუსმა ჩოგბურთელმა მოიპოვა.

პირველი სეტი საოცრად დაძაბული გამოდგა და მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე უნაკლოდ თამაშობდნენ. ყველაფერი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი სინერი იყო. მეორე სეტი მედვედევმა 6:4 მოიგო. რუსმა მეტოქის ერთი ჩაწოდება მოიგერია, რაც საკმარისი აღმოჩნდა.

მესამე სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს და ყველაფერი კვლავ ტაიბრეიკამდე მივიდა, თუმცა ამჯერად გამარჯვება მედვედევს დარჩა.

მეოთხე სეტში სინერმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, 2 ბრეიკი შეასრულა და დამაჯერებლად 6:2 მოიგო. მეხუთე გადამწყვეტ სეტში კი მედვედევმა მეოთხე გეიმში ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და გამარჯვების შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 6:3. მატჩი 3 საათი და 54 წუთი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის უიმბლდონზე სინერი ნახევარფინალში ჯოკოვიჩთან დამარცხდა, ხოლო მედვედევი ასევე ნახევარფინალში კარლოს ალკარასთან. ჩემპიონი კი სწორედ ალკარასი გახდა.

მსგავსი სიახლეები