„ყველაფერი აქვს, რათა სენტ-ეტიენში შეიყვარონ“ | სანიოლმა ზურიკოზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Poteaux Carrés-ს, რომელიც „სენტ-ეტიენთან“ დაახლოებული გამოცემაა, ინტერვიუ მისცა. სანიოლმა ზურიკო დავითაშვილი დაახასიათა და განაცხადა, რომ მას ყველაფერი აქვს, რათა „მწვანეების“ გულშემატკივრებს შეუყვარდეთ.
როგორი ფეხბურთელია ზურიკო
„ზურიკო დავითაშვილს ახალგაზრდას ვეღარ ვუწოდებთ. ის 23 წლისაა და მისი პოტენციალისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვფიქრობ, სენტ-ეტიენის ღირებულებებს იდეალურად მოერგება. ზურიკო არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს. მართალია, ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე ვერ ატარებს, მაგრამ ინტენსიურობისა და თავდადების კუთხით, მოედანზე ყოველთვის ყველაფერს ტოვებს. დარწმუნებული ვარ, სენტ-ეტიენის გულშემატკივრებს ის შეუყვარდებათ“.
მისი ძლიერი მხარე
„როცა ბურთი აქვს, ყოველთვის ცდილობს რაღაც შექმნას. მეტოქეზე მიდის და სწრაფად უტევს“.
რა სისტემაში იყენებს ზურიკოს, რა არის მისი საყვარელი პოზიცია
„ზურიკო ორ სათამაშო სქემაში გამოვიყენე და მეორე თავდამსხმელად და ფლეიმეიქერად ვათამაშე. ჩემი აზრით, რაც უფრო წინ თამაშობს, მით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. დავითაშვილს ორივე ფეხით შეუძლია თამაში, მაგრამ მარჯვენით ბევრად უკეთესია. კარგი დარტყმა აქვს და მჯერა, ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელი გახდება“.
რა კომპონენტში აქვს მოსამატებელი
„სიტუაციის ანალიზი უკეთ უნდა მოახდინოს. უნდა იგრძნოს, როდის შეუტიოს სწრაფად და როდის არის უკეთესი მოთმინების გამოჩენა. ზურიკოს სწრაფი შეტევები ახასიათებს და მომენტებს სწორედ ამიტომ ანიავებს, მაგრამ როცა ასეთ ფეხბურთელზეა საუბარი, ამას უნდა შეეგუო. ის ყოველთვის ბევრს ცდილობს და ვფიქრობ, სენტ-ეტიენის თავკაცი, ოლივიე დალიოლიო მას პროგრესის მიღწევაში დაეხმარება“.
როგორ მოერგება სენტ-ეტიენს
„ზურიკოს ყველაფერი აქვს, რათა სენტ-ეტიენის ქომაგებმა შეიყვარონ. ის მზადაა, თავდაუზოგავად იმუშაოს და მაქსიმუმი გაიღოს“.
შეგახსენებთ, რომ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ცნობით, დავითაშვილი „სენტ-ეტიენთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გარიგება ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.