„ოსიმენის შეცვლა უფრო რთული იქნება, ვიდრე კვარასი“ - იტალიელი აგენტი
ცნობილმა იტალიელმა აგენტმა, გაეტანო ფედელემ რადიო Kiss Kiss Napoli-ს ეთერში „ნაპოლის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კვარაცხელიასა და ოსიმენის გაშვებით ნეაპოლური გუნდი მნიშვნელოვან სატრანსფერო თანხას იშოვის, რითაც რამდენიმე ხმაურიანი გარიგების განხორციელებას შეძლებს.
რას ამბობს ფედელე:
ამ ფანჯარაზე „ნაპოლის“ მუშაობა მაოცებს. როგორც წესი, ჩვენ მიჩვეულები ვართ მოლაპარაკებების ხანგრძლივ პროცესს და ამ დრომდე, არ მსმენია, რომ კლუბი ვინმესთან მოლაპარაკების რეჟიმში იყოს.
ვფიქრობ, დაცვა სწორედ ის წერტილია, რომლის აშენებაც 0-დან უნდა დავიწყოთ. გასულ სეზონში ეს პოზიცია ყველაზე სუსტი წერტილი იყო.
კვარაცხელიასა და ოსიმენის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამან შესაძლოა „ნაპოლის“ სატრანსფერო პოლიტიკაც კი განსაზღვროს. მათი გაყიდვით, კლუბი მნიშვნელოვან თანხას მიიღებს და რამდენიმე კარგი ფეხბურთელის მოყვანის შესაძლებლობა მიეცემა.
ამ ფონზე, მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ იქნებიან მათი პოტენციური შემცვლელები. ლუკაკუ? არ ვიცი, რამდენად სწორი არჩევანი იქნება. მას დიდი ხელფასი აქვს და გამიკვირდება, თუ ის ნეაპოლში გადმოვა. ის კარგ ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ მესი არ არის, ამიტომ მისი ხელფასი გამართლებული არ არის.
წარმოვიდგენ ხოლმე იმ მომენტს, როდესაც კვარაცხელია შესაძლოა ახალ კონტრაქტს არ დათანხმდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ „ნაპოლისთვის“ ყველაზე რთული ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის პოვნა იქნება.
გუშინ, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ცნობილი ტელევიზია RAI აღნიშნავს, რომ კლუბის მიერ შეთავაზებული ანაზღაურება, რაც წლიურად 5.5 მილიონ ევროს გულისხმობს, ქართველი ფეხბურთელის მხარეს არ აკმაყოფილებს.