დე ლაურენტისმა შეთავაზება გაზარდა - კვარას ორი ვარიანტი დარჩა?
გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, მომავალი სეზონიდან ის კვლავ ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს.
რა წერია Corriere-ს სტატიაში:
ამჟამად, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის გამო შვებულებაშია და მოსალოდნელია, რომ ის შეკრებას 25 ივლისიდან შეუერთდება. მანამდე, მისი აგენტი, მამუკა ჯუღელი და „ნაპოლის“ წარმომადგენლები ეცდებიან, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ისეთი გამოსავალი იპოვონ, რომელიც ყველას გაახარებს. იმის მიუხედავად, რომ გასულ სეზონში ყველაფერი წააგო, კლუბი მაინც სუპერკონტრაქტს სთავაზობს - 5.5 მილიონიანი კონტრაქტი ბონუსების ჩათვლით, რომელიც წლიურად 7 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
პსჟ კვარაცხელიას უფრო მაცდურ, 11-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობდა, „ნაპოლი“ კი ტრანსფერიდან 110 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა, აურელიო დე ლაურენტისმა ეს შეთავაზება დაბლოკა და კვარაცხელიას შეთავაზება გაუზარდა. და რა მოხდება, თუ ის ამ წინადადებას არ მიიღებს? ის 1.8 მილიონიანი ხელფასით თამაშს გააგრძელებს. სწორედ ეს არის „ნაპოლის“ ხაზი.
გუშინ, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ცნობილი ტელევიზია RAI აღნიშნავს, რომ კლუბის მიერ შეთავაზებული ანაზღაურება, რაც წლიურად 5.5 მილიონ ევროს გულისხმობს, ქართველი ფეხბურთელის მხარეს არ აკმაყოფილებს.