„კვარა კონტეს ხელში კიდევ უფრო განვითარდება“ - ნაპოლის ყოფილი შემტევი
„ნაპოლის“ ყოფილმა შემტევმა, კრისტიან ბუჩიმ ნეაპოლური რადიო Punto Zero-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს ანტონიო კონტესთან მნიშვნელოვნად განვითარება შეუძლია.
რას ამბობს ბუჩი:
„იმედი მაქვს, ხვიჩა „ნაპოლიში“ დარჩება. კონტესთან ერთად, მას საგრძნობლად ზრდა შეუძლია. დი ლორენცოს შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა: ბოლო რამდენიმე თვე მისთვის რთული იყო, მაგრამ ყველაფრის დალაგება შესაძლებელია. მჯერა, რომ კონტესთან ერთად ის თავის დონეს დაუბრუნდება. ხვიჩას დარჩენაში უფრო შეიძლება ეჭვის შეტანა, რადგან მის მოსაპოვებლად ევროპული გიგანტი იბრძვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კლუბის პოზიცია მტკიცე და მკაფიოა. მჯერა, რომ კონტე სიტუაციას ორივესთან დაალაგებს. მან არაერთხელ აჩვენა, რომ რთულ სიტუაციებთან გამკლავება შეუძლია და ვფიქრობ, გამონაკლისი არც ახლა იქნება“.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობებით, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ცნობილი ტელევიზია RAI აღნიშნავს, რომ კლუბის მიერ შეთავაზებული ანაზღაურება, რაც წლიურად 5.5 მილიონ ევროს გულისხმობს, ქართველი ფეხბურთელის მხარეს არ აკმაყოფილებს.