„მთავარი არა ხარისხი, არამედ გამარჯვებაა“ - დე ლა ფუენტე მატჩის წინ
ხვალ, ევრო 2024-ის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა დე ლა ფუენტემ:
„ნახევარფინალში ყოფნა განსაკუთრებული შესაძლებლობაა. აქ მოსასვლელად საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ და მიხარია, რომ ეს შრომა გვიფასდება. ამ მატჩს თავისუფლად შეეძლო ევროს ფინალიც ყოფილიყო. ორივე შესანიშნავი გუნდია და ყველაფერს წვრილმანები გადაწყვეტენ. ვეცდებით, საკუთარი შესაძლებლობების ერთგული ვიყოთ ყველა იმ ძლიერი თვისებით, რამაც აქამდე მოგვიყვანა“.
„სანახაობრივად, შესაძლოა კარგი გუნდი ვართ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მით უმეტეს ამ ეტაპზე. გვინდა კვლავ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ, მაგრამ ამასთან, პრაქტიკული ფეხბურთის თამაშიც გვინდა. მაგრამ ამას არსებითად მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი გამარჯვებაა“.
„შესანიშნავ მეტოქეს ვხვდებით და რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ, ეს მათი პოტენციალია, რომელიც ფანტასტიკურია. მათ მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავთ. ყოველთვის მსიამოვნებს ასეთი გუნდების თამაშების ყურება, განსაკუთრებით კი ისეთის, როგორიც საფრანგეთია“.
„ფეხბურთელებმა ძალები კარგად აღიდგინეს. რა თქმა უნდა, დაძაბულობა და სტრესი არსებობს და ჩემს ბიჭებს გარკვეული მომენტების გადალახვა დასჭირდებათ. საფრანგეთი ფიზიკურად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ვიცით, მათ რა უნდა დავუპირისპიროთ“.
„ფინალში გასვლა ძალიან გვინდა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან დავინახე, როგორ გაიზარდა ჩემი გუნდი და რა არის ფეხბურთელების ღირებულებები. თუ ასე გავაგრძელებთ, რაიმე განსაკუთრებულის მიღწევის შესაძლებლობა ნამდვილად გვექნება“.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება 8 ივლისს, მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.