ვალენსიას მოთხოვნები ტრანსფერს ართულებს | რას წერს Marca მამარდაშვილზე
გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024 ფენომენალურად ჩაატარა და რამდენიმე კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ ქართველ მეკარეზე დაწერა და ვარიანტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა, „მამარდას“ გაუჩნდეს.
„მამარდაშვილს ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა და დამსახურებულ შვებულებაში იმყოფება. ვალენსიამ შეატყობინა, რომ შეუძლია, 28 ივლისამდე დაისვენოს, შემდეგ კი რუბენ ბარახას გუნდს უნდა შეუერთდეს. გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ ვალენსია მოხარული იქნება, მამარდა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გაასხვისოს, რადგან ქართველ მეკარეს შესანიშნავი პერიოდი უდგას და პიტერ ლიმმა გადაწყვიტა, გარიგება ამ ზაფხულს დახუროს.
პრობლემა ისაა, რომ ღამურების მიერ წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება მარტივი არაა. მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2024-ის ერთ-ერთ აღმოჩენაზეა საუბარი, 40 მილიონ ევროზე მეტს არც ერთი კლუბი იხდის. მამარდაშვილი შვებულებაშია, მაგრამ საკუთარ მომავალზეც ფიქრობს და არჩევანი უნდა გააკეთოს.
თუ გრანდის ვარიანტი არ გამოჩნდა, მამარდაშვილი უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და არც თუ ისე ამბიციურ საფეხბურთო პროექტზე თანხმობა, რათა მომავალში დიდი ნახტომის გაკეთება შეძლოს. ამ ვარიანტზე თანხმობის თქმის შემთხვევაში, არის შანსი, გიორგის საშუალო დონის კლუბები, ფინანსურად მომგებიანი წინადადებებით დაუკავშირდნენ, რაც გარიგების დახურვის შანსს გაზრდის”, - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს, მამარდაშვილი „ნიუკასლს“, „ჩელსის“, „ატლეტიკოს“, „ბაიერნსა“ და „ლივერპულს“ დაუკავშირეს.