კვარას მხარეს პირობები არ აკმაყოფილებს - მოლაპარაკება ჩიხში შევიდა
იტალიური RAI-ს ცნობით, „ნაპოლისა’’ და ხვიჩა კვარაცხელიას მოლაპარაკება ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩიხში შევიდა. „ნაპოლი’’ კვარას წლიური ხელფასის სახით 5,5 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც კვარას მხარეს არ აკმაყოფილებს.
პსჟ კვარას წლიური ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს სთავაზობდა. ასევე, პარიზელები მზად იყვნენ, რომ ხვიჩას სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისი ქართველის გაყიდვის წინააღმდეგია, პარიზელთა წინადადებებს უარით პასუხობდა.
„ნაპოლის'' ახალ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ლუკაკუს დამატება და მისი კვარასთან შეწყვილება სურს, თუმცა ჯერ ოსიმენი უნდა გაყიდონ. ნიგერიელის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროა. „ჩელსის'' ოსიმენის მიმართ ინტერესი ჰქონდა, თუმცა არისტოკრატების ახალი მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას ხედვაში არ ჯდება. ასევე გამოირიცხა ლონდონის „არსენალის'' ვარიანტი, „მეთოფეები“ 130 მილიონის გადახდისთვის მზად არ არიან.
ამ ეტაპზე ოსიმენის მომავალი გაურკვეველია, ევროპაში არ ჩანს კლუბი, რომელიც მასში 130 მილიონს გადაიხდის. აურელიო დე ლაურენტისი რთულ მდგომარეობაშია, ვერც კვარასთან აღწევს შეთანხმებას და ვერც ოსიმენს ყიდის. შესაბამისად, კონტეს მოთხოვნები კვარასთან და ლუკაკუსთან დაკავშირებით ჯერ ვერ სრულდება. „ნაპოლის“ ლუკაკუსთან შეთანხმება მიღწეული აქვს, თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის ჯერ ოსიმენი უნდა გაყიდონ.