„მისი სტილი ძალიან მომწონს, საოცარი ფეხბურთელია“ | საა კვარაცხელიას აქებს
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ევერტონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის საამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფრანგმა თავდამსხმელმა „კვარას“ საოცარი მოთამაშე უწოდა და განაცხადა, რომ მას პრემიერ ლიგის ნებისმიერ კლუბში შეუძლია ასპარეზობა.
„ხვიჩა კვარაცხელიას სტილი ძალიან მომწონს. მას პრემიერ ლიგის ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში. მის გაფორმებაზე უარს არავინ იტყოდა და კვარაცხელია არჩევანს გუნდის სათამაშო სტილის მიხედვით გააკეთებდა. კრეატიულობისა და სამუშაო ეთიკის გამო, ხვიჩა კლუბების ყველა მოთხოვნას იდეალურად აკმაყოფილებს და როგორც ორივე ფლანგზე, ისე ათიანის პოზიციაზე შეუძლია თამაში. ამ ბიჭს ყველაფერი შეუძლია.
კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია და მისი ენერგია ძალიან მომწონს. მომეწონა ისიც, საქართველოს ნაკრებში როგორც ითამაშა. არ არსებობს კლუბი, რომელიც შანსის მიღების შემთხვევაში, მის გაფორმებაზე უარს იტყვის. კვარაცხელია ვინც არ უნდა გადაიყვანოს, მისი სახით, დაუჯერებელი ფეხბურთელი ეყოლება“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ სეზონში, კვარაცხელიამ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და 11 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. Whoscored-მა „კვარა“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 10-ჯერ დაასახელა, რაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.