ახალი ვარიანტი გამოუჩნდა | მიქაუტაძე კიდევ ერთი იტალიური კლუბის რადარზე
გიორგი მიქაუტაძის მომავალზე უცხოურ პრესაში ბევრი იწერება. იტალიურმა გაზეთმა, Leggo-მ დღევანდელ ნომერში, ქართველ თავდამსხმელთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ იგი „რომას“ რადარზე იმყოფება.
Leggo-ს მიხედვით, „ჯალოროსის“ მთავარ მწვრთნელს, დანიელე დე როსის შეტევის გაძლიერება სურს და კლუბის ხელმძღვანელთა შორის, მიქაუტაძის კანდიდატურა ძალიან პოპულარულია. „რომას“ „მეცისთვის“ წინადადებით არ მიუმართავს და მოვლენების განვითარებას აკვირდება.
„ჯალოროსის“ ხელმძღვანელებს აქვთ ინფორმაცია, რომ მიქაუტაძე „მონაკოს“ მთავარი სამიზნეა. Leggo-ს ცნობით, იტალიელებს მონეგასკებისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდებათ, მაგრამ თუ ვითარება მათ სასიკეთოდ შეიცვალა, კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წამყვანი ფრანგული გამოცემა აცხადებს, რომ მიქაუტაძე კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს. მონეგასკებსა და „მეცს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებას უახლოეს მომავალში მიაღწევენ, რაც „რომას“ შანსებს მკვეთრად ამცირებს.
ცნობისთვის, „ჯალოროსი“ მეორე იტალიური კლუბია, რომელიც მიქაუტაძეს აკვირდება. წარსულში, „ბოლონიას“ ინტერესზე დაიწერა, რომელიც ჯოშუა ზირკზეს შემცვლელის ძიებაშია.